9 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ევროპის ერთა თასზე გადამწყვეტ მატჩს გამართავს, თუკი მეტოქე უკრაინასთან ქართველებმა ნებისმიერი ანგარიშით გაიმარჯვეს, თასი “ბორჯღალოსნებს“ დარჩებათ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ უკრაინის ნაკრები ჩვენს ჯგუფში ერთ–ერთი ყველაზე სუსტია და თბილისში უკრაინასთან ქართველების დამარცხება უკრაინელი მორაგბეებისთვისაც კი, წარმოუდგენლად დიდი მოულოდნელობა იქნება.

შეხვედრა 9 ივნისს, შაბათ დღეს, თბილისში, სტადიონ “ავჭალაზეა“ დაგეგმილი. ეს სტადიონი ქართველ მორაგბეებს ძალიან კარგად აქვთ დაცდილი. “ბორჯღალოსნებმა“ ავჭალის ახალ სტადიონზე გამართულ უკანასკნელ შეხვედრაში პორტუგალიის მორაგბეთა ეროვნულ გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს და ძირითადი ქულების გარდა, დამსახურებული პრემიალური ქულაც მოიპოვეს.

ამჟამად ჩვენს ჯგუფში სწორედ ისეთი სიტუაციია შექმნილი, რაგბის ქართველ ქომაგებს რომ გაუხარდებათ. ესპანეთისა და რუმინეთის გუნდები საქართველოს ნაკრებს ერთი ქულით კი უსწრებენ, მაგრამ მათ უკვე ყველა თამაში აქვთ ჩატარებული და საბოლოო ცხრილს ვეღარ შეცვლიან. ქართველები კი უკრაინასთან გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გადადიან და ჩემპიონები ხდებიან. “ბორჯღალოსნები“ როგორც 2012 წლის მონაცემებით, ისევე ბოლო ორი წლის მაჩვენებლებით პირველობენ.

ევროპის ერთა თასის ცხრილი ამჟამად ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი 5 3 0 2 +33 16

2. რუმინეთი 5 3 0 2 +97 16

3. საქართველო 4 3 0 1 +70 15

4. რუსეთი 5 3 0 2 -47 14

5. პორტუგალია 5 1 0 4 -30 7

6. უკრაინა 4 1 0 3 -123 5

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები