“თეთრების“ მტკიცებით, გამგეობაში შიშობდნენ, რომ ფართში წინასაარჩევნოდ ოპოზიცია უნდა განთავსებულიყო. ხელისუფლებაში კი განმარტავენ, რომ ფართი ჯღარკავას საკუთრება არაა და მისი განკარგვის უფლება არა აქვს.

თეთრების ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, ამის შესახებ სოციალური ქსელით საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ის პოლიტიკური მოძრაობის წევრებზე ფიზიკური და მორალური ზეწოლის შესახებ იუწყება.

ნოდარ ჯღარკავა ამტკიცებს, რომ მას საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვს. შენობაში მისი დაკვეთით, სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა, როცა სამართალდამცავებმა შენობის დატოვება მოთხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი, იქ მიმდინარე სამუშაოების შეჩერება ძალის გამოყენებით სცადეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯღარკავა სენაკის საავადმყოფოში იმყოფება, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებულია აკაკი გაბისონიას 30-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აივენგო გაბისონია აცხადებს, რომ მის ძმას პოლიციისათვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია და ის მხოლოდ იურიდიულ განმარტებას ითხოვდა, რის გამო არ აძლევდნენ საკუთარი ფართის გარემონტების საშუალებას. ზურაბ ხასია ამბობს, რომ პოლიციას და გამგეობა ფართის დატოვებასა და სარემონტო სამუშაოების შეჩერებას სიტყვიერად ითხოვდნენ და მათ არანაირი საბუთი არ წარმოუდგენიათ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდოდნენ „თეთრების“ ლიდერები, მამა ელიზბარი და პარტიის სხვა აქტივისტები.

აივენგო გაბისონიას თქმით, ინცინდენტის დროს იქ იმყოფებოდა ადგილობრივი პოლიციის უფროსი. მისი თქმით, გამგეობაში მიაჩნდათ, რომ ფართს ჯღარკავა საარჩევნო აქტივობისთვის არემონტებდა, სადაც, სავარუდოდ, რომელიმე პოლიტიკური პარტია განთავსდებოდა.

-„ეუბნებოდნენ, აქ “სახალხო კრების” ოფისის გახსნა გაქვთ დაგეგმილი. არ მოგცემთ ამის უფლებასო, წინააღმდეგობის გაწევის დროს სთავაზობდნენ, მხოლოდ 400 ლარით დაგაჯარიმებთ თუ საკუთრებაზე უარს იტყვითო,“– აცხადებს ხასია.

მარტვილის გამგეობის იურისტის შორენა ჯღარკავას განცხადებით, ფართი გამგეობის საკუთრებაშია რეგისტრირებული, შენობაში სარემონტო სამუშაოებს გამგეობა ატარებს და ჯღარკავა თავად დაესხა მუშებს თავს და სამუშაოების ჩატარება აუკრძალა.

გამგეობაში განმარტავენ, რომ შენობაში 1999 წელს სასწრაფო სამედიცონო დახმარების ცენტრი ფუნქციონირებდა, რომლის ხელმძღვანელი ნოდარ ჯღარკავას შვილი იყო. იურისტის განმარტებით, მას ფართი უზუფრუქტის წესით ქონდა გადაცემული. შენობაში ჯღარკავამ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა და მოგვიანებით მის ანაზღაურებას ითხოვდა.

გამგეობაში აცხადებენ, რომ 2002 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით რემონტისთვის დახარჯული თანხა, 5 ათას ლარი მას აუნაზღაურდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზიას განცხადებით, აღნიშნული ფართი არასდროს ყოფილა ჯღარკავას საკუთრებაში და ის თვითნებურად ცდილობდა ფართის დაკავებას.

-„ეგ მასე იძახის, გამგეობის შენობაც ჩემიაო, მაგრამ მისია? დათმობის სანაცვლოდ, რაღაც თანხებს ითხოვს,“– განმარტავს გოროზია.

იზა სალაყაია

კომენტარები