ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებს მკურნალობის ნაცვლად, ციხის საავადმყოფოს თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მსჯავრდებულებმა ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს განუცხადეს. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ციხეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტები კვლავ რეაგირების გარეშე რჩება.

2011 წლის 1 დეკემბერს პატიმარი გიორგი ოქროპირიძე, ნომერ 1 საპყრობილიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის C ჰეპატიტით არის დაავადებული. სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემულ ჩვენებაში ოქროპირიძე იმ მუქარისა და ძალადობის შესახებ ყვება, რასაც მისი თქმით საავადმყოფოში შესვლისთანავე წააწყდა:

„სარეჟიმო სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე თოლორდავამ დამიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება, რაც გამოიხატებოდა გინებაში როგორც ჩემი, ასევე სტრასბურგის სასამართლოს მისამართით. მიწოდებდნენ ინტრიგანს, ვინაიდანაც საჩივრით მაქვს მიმართული ევროსასამართლოსთვის. ამავდროულად, შეურაცხყოფის მიყენება დამიწყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გიორგი ავსაჯანიშვილმა“.

ოქროპირიძე სასჯელს მკვლელობისა და ხულიგნობისთვის იხდის. მას კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი, სოფიო ალექსიძე იცავს:

„ფაქტია, რომ მას შემდეგ დაიწყო გიორგის მიმართ ცემის ფაქტები, როდესაც მათ მიიღეს ცნობა, რომ გიორგის საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და დაევალა შესაბამისი პასუხების გაგზავნა ევროსასამართლოსათვის. რეალურად სახელმწიფო ამ გზით ცდილობს პატიმრების დაშინებას და მუქარის ზეწოლით აიძულებენ პატიმრებს გამოიხმონ საჩივრები ევროსასამართლოდან“.

ოქროპირიძის ადვოკატი მის მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსაც ასახელებს: „ის მოათავსეს სამარტოო საკანში, სადაც საწოლზე საბანი და ლეიბიც არ იყო, 24 საათი არ ქრებოდა შუქი და მოწვეთავდა ონკანი, რაც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით არაადამიანური მოპყრობაა“.

პატიმარი კახაბერ ბარათაშვილი ციხის სავადმყოფოში კენჭის გავლის ტკივილების გამო მოხვდა. მისი ადვოკატის კახაბერ მუმლაძის თქმით, დანიშნული ოპერაციის დღეს პატიმრის სანახავად მისულს, პატიმარი ნაცემი დახვდა: „ვერ ვიცანი, ისეთ დღეში იყო, თავის ქალაზე ნაჟეჟები, სისხლჩაქცევები ჰქონდა კისრის მიდამოებშიც. 45 წლის ადამიანი ტიროდა.“

თვითონ პატიმარი ბარათაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემულ ჩვენებაში ასე აღწერს მისი ცემის ფაქტს: „დამადეს ხელბორკილი და ისე მცემეს. ცემა-ცემით ჩამიყვანეს მორგში. სადაც დამაგდეს ბეტონის იატაკზე და რამდენიმე ადამიანი მცემდა წიხლებით, სახეშიც მირტყამდნენ. პერიოდულად მასხამდნენ ვედროებით ცივ წყალს დასამცირებლად. ამ დროს შემოვარდა გიორგი ავსაჯანიშვილი. დაიწყო ქამრის გახსნა და მუქარა, რომ უნდა გავეუპატიურებინე. ის სხვა თანამშრომლებმა გაიყვანეს.“

მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში რამდენჯერმე სცემეს დენის ყაველაშვილიც. ფიზიკური ზეწოლის ფაქტების განხორციელება მასზეც მას შემდეგ დაიწყო, რაც სტრასბურგში სარჩელი შეიტანა.

სამივე პატიმარი მათი სცემის, ზეწოლის ფაქტებში სარეჟიმო სამსახურის უფროსს, ალექსანდრე თოლორდავას, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გიორგი ავსაჯანიშვილს, სოციალური სამსახურის უფროსს, ზურაბ ბულბულაშვილსა და ციხის საავადმყოფოს დირექტორს, ვაჟა ცხვედიანს ასახელებენ. აღნიშნულ პირებზე გამოძიებები დაწყებულია, თუმცა, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უკვე სხვა თანამდებობებზე მაინც მუშაობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოძიებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს, რასაც სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამართლებს: „იმავე სამინისტროს ერთეული არ უნდა აწარმოებდეს გამოძიებას სტრუქტურაში შემავალი დეპარტამენტის თანამშრომლების დანაშაულების მიმართ.“

გამოძიება ამ პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა, არც ერთი დასრულებულა. გარდა ამისა, ციხის საავადმყოფოს თანამშრომელთა მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულებებზე ძიებას საკმაოდ მსუბუქი კვალიფიკაცია მისცეს და საქმეებზე ძიება უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით დაიწყეს.

მაკა მალაყმაძე

კომენტარები