ამავე ჯგუფში გამოდის იტალიის ეროვნული გუნდიც, რომელსაც მეტად რთული მდგომარეობა აქვს შექმნილი. “სკუადრა აძურამ“ პირველ და მეორე ტურში, შესაბამისად ესპანეთთან და ხორვატიასთან შეხვედრები ფრედ დაასრულა და დღეს ირლანდიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. თუმცა, ეს გამარჯვებაც შესაძლებელია არ იყოს საკმარისი. თუკი ესპანეთმა და ხორვატიამ ერთმანეთში ე.წ. შედეგიანი ფრე (2:2, 3:3 დ.ა.შ…) ითამაშეს, იტალიელებმა ირლანდიას თუნდაც 10:0 მოუგონ, შემდეგ ეტაპზე მაინც ესპანეთი და ხორვატია გადიან.

როგორც იცით, უეფას წესდების თანახმად, ჯგუფში ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება თანაბარ ქულათა დამგროვებელ ნაკრებებს შორის ურთიერთშეხვედრებს და ერთმანეთში ბურთების შეფარდებას. ამ მაჩვენებლით კი 2:2 ესპანეთი და ხორვატია იპირველებენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხორვატებმა ბოლო ტურში ძლიერ იტალიის ნაკრებთან ფრე ითამაშეს და დღეს ესპანეთთან მინიმუმ არ უნდა წააგონ და იტალიასთან ირლანდიის ნაკრების კარგი თამაშის იმედი უნდა იქონიონ. ახლა ყველაფერი ესპანეთისა და ხორვატიის მიერ დაცულ ფლეი–ოფის პრინციპებზეა დამოკიდებული. თუკი ხორვატია–ესპანეთის მატჩში მართლაც 3:3 ან 2:2 დაფიქსირდა, ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ მატჩის შედეგი წინასწარ შეიძლება იყოს განსაზღვრული. ეს კი კრიმინალია!

ირლანდიის ნაკრები ჯგუფში ერთადერთი გუნდია, რომელსაც დასაკარგი ბოლო ტურში აღარაფერი გააჩნია. “სამყურები“ უკვე ჩარჩნენ ჯგუფში და იტალიასთან მათ მატჩს ოდენ პრესტიჟის აღდგენის ხასიათი ექნება. იტალიელები კი ირლანდიასთან ვერმოგების შემთხვევაში, კატასტროფის წინაშე დგებიან. ირლანდიელი ქომაგები უკვე შეეგუენ იმ აზრს, რომ მათი საყვარელი გუნდი ხვალ ან ზეგ, აუცილებლად სამშობლოში დაბრუნდება.

კომენტარები