ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლიდან სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პროგრამა პოტენციური ქართველი მონაწილეებისთვის ოფიციალურად გაიხსნა, რაც ლოგიკური შედეგია კინოცენტრსა და ფესტივალს შორის 2011 წელს მიღწეული შეთანხმებისა.

ფესტივალის გახსნილად გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ ქართული განაცხადები მიიღება ისეთ პროგრამებში, როგორიცაა „CineLink“,“Sarajevo Talent Campus” და “Work in Progress”. პირველად, სარაევოს მე-18 კინოფესტივალის ფარგლებში, (6-14 ივლისი, 2012) ინდუსტრიულ სექციაში CineLink ქართველი პროდიუსერი მონაწილეობს. თინათინ ყაჯრიშვილის მხატვრული ფილმის პროექტი „პატარძლები“ 8 პროექტს შორის მოხვდა.

ინდუსტრიულ პროგრამაში გამარჯვებულებისთვის სოლიდურ პრიზებს ფესტივალის გარდა აწესებენ ტელეკომპანია არტე და ევროპული კინოს განვითარების ფონდი ევრიმაჟი. CineLink -ში პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორი 50 000 ევროს ოდენობით ჯილდოვდება.

ასევე პირველად, “Sarajevo Talent Campus”-ში მოხვდა 4 ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტი: ნიკოლოზ მდივანი, ნინო ჯინჭარაძე, პაპუნა მოსიძე და გიორგი ცქვიტინიძე.

ეროვნული კინოცენტრი პირველად შარშან იყო ოფიციალურად წარმოდგენილი ბოსნია ჰერცეგოვინაში სარაევოს მე-17 კინოფესტივალზე. სპეციალურ სტუმრებს შორის იყვნენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – თამარ ტატიშვილი, კინოექსპორტის და დისტრიბუციის მენეჯერი ქეთი დანელია, ასევე ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტები. კინოფესტივალის მენეჯმენტი დაინტერესდა თანამედროვე ქართული კინოპროცესებით და განიხილა საქართველოს უფლებამოსილი ქვეყნების სიაში ჩასმა. კინოცენტრი აგრძელებს მოლაპარაკებებს ფესტივალის საკონკურსო პროგრამის საქართველოსთვის გახსნის შესახებ 2013 წლიდან.

სარაევოს კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პლატფორმაა, რომელიც რეგიონის კინოპრომოუშენით არის დაკავებული და ასევე გამოირჩევა უცხოური ფილმების და საერთაშორისო სტუმრების სიმრავლით.

კომენტარები