მალაყმაძეების რვასულიანი ოჯახი, ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, მეოთხე დღეა ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. ოჯახი მთავრობისგან დროებით თავშესაფარს ითხოვს.

ბათუმში, თამარის დასახლებაში, 4 სართულიანი კორპუსის აივნის ქვეშ შეფარებული ოჯახი, ღამეს ფაქტიურად ქუჩაში ათენებს. მათი ოთახის ერთი კედელი კორპუსისაა, მეორე კი ცელოფანის. ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ღამეებს ასეთ “ოთახში” ცხოვრობენ.

ტანსაცმელი, პალმის ხეებს შორის გაბმულ თოკზეა ჩამოკიდებული, ხოლო ჭურჭელი _ ყუთებშია ჩალაგებული. მალაყმაძეების ოჯახს წასასვლელი არსად აქვს: „სად წავიდე ამდენი სული? ვის შევეკედლო ამ გაჭირვებულ ცხოვრებაში? აქ ერთად ვართ და ველოდებით, იქნებ მთავრობამ დროებითი თავშესაფარი მოგვცეს“, – ამბობს მზია მალაყმაძე.

ოჯახი 2009 წლამდე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ურეხში ცხოვრობდა. 19 სექტემბერს, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ოჯახი დაიმეწყრა. მაშინ ოჯახმა კომპენსაციის სახით 20 000 ლარი მიიღო. „იმ თანხით, სოფელ მეჯინისწყალზე 650 კვ. მეტრი მიწა ვიყიდეთ და სახლის მშენებლობა დავიწყეთ. მიტანილი მაქვს საშენი მასალებიც, მაგრამ მშენებლობის თანხა არ მაქვს. თან სამსახურიდან გამათავისუფლეს და დღეს პურის ფულიც აღარ მაქვს“, – ყვება ჯუმბერ მალაყმაძე, რომელიც ბათუმის პორტში მუშად ამა წლის მარტამდე მუშაობდა.

ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ თავისი თანამშრომლის ოჯახი დამეწყვრის შემდეგ, დროებით თამარის დასახლებაში მის მიერვე ნაქირავებ ბინაში შეასახლა. ბინა ნავთობტერმინალის საკუთრებაშია და ერთი თვის წინ, მალაყმაძეები ბინის დაცლასთან დაკავშირებით უბნის პოლიციამ გააფრთხილა.

„პორტის ხელმძღვანელობამ დროებითი თავშესაფარი მომცა, მაგრამ ბინა მასაც ნაქირავები ჰქონდა. მადლობის გარდა რა მეთქმის პორტისთვის. 16 წელზე მეტია ვმუშაობდი მუშად მათთან, ხელფასი გამომუშავებით მქონდა, 400 ლარიც ამიღია. დღეს უმუშევარი ვარ, არც სოციალურ დახმარებას ვღებულობთ _ 77 290 ქულა მომანიჭეს,“ – ამბობს ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახის უფროსი.

ოჯახი დროებით თავშესაფარს ითხოვს, სანამ სოფელ მეჯინისწყალზე მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას გაასხვისებენ და მიღებული თანხით ბინას იშოვიან.

„მთავრობა იტყვის ბინები არ მაქვსო. სამუდამოდ, ხომ არ ვითხოვ. აგერ პოლიციის ყოფილი შენობის პირველი სართულზე, ოთახები თავისუფალია, მეორეზე კი _ მუსიკალური სასწავლებელია. ჩვენით ვერ შევდივართ იქ საცხოვრებლად.“

ბათუმის საკრებულოს წევრი, ქდმ-ს პარტიიდან ნაზიბროლა ქობულაძე, რომელიც დღეს მალაყმაძეებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მთავრობამ მათი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს: -„ეს ოჯახი ითხოვს დროებით თავშესაფარს და აუცილებელია მცირედი ფართი მათთვის სადმე დროებით გამოინახოს. ესენი არ ითხოვენ თანხას ან ბინას. არ შეიძლება ორი მცირეწლოვანი ბავშვით, 21 საუკუნეში ოჯახი ქუჩაში ცხოვრობდეს, მაშინ როცა ჩვენი მთავრობა კოლოსალურ თანხებს ხარჯავს კოშკებსა და საათებზე“.

ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირინა შერვაშიძე აცხადებს, რომ ბათუმის მერიას ნებისმიერ სახის გადაწყვეტილებისთვის მალაყმაძეების ოჯახთან ვალდებულება არ გააჩნია: „ეს იქნება დროებითი თუ მუდმივი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, ბათუმის მერიას უნდა გააჩნდეს ვალდებულება _ ხელშეკრულება ან სასამართლო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, მსგავსი წინაპირობა ან ვალდებულება არ არსებობს“.

კომენტარები