გურამ ათაბაძე შვილის გარდაცვალებას უხარისხო მკურნალობას აბრალებს. მან საქმის გამოძიებისთვის აჭარის პროკურატურას მიმართა. ამჟამად საქმეს, ბათუმის პოლიციის II განყოფილება იძიებს.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ, TSpress-სთან საუბარში, ექიმების – ჯემალ ნაკაშიძისა და კახა ქაშიბაძის მიმართ სს კოდექსის 130 მუხლის II ნაწილით გამოძიების დაწყება დაადასტურა.

მუხლი გულისხმობს, „სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობას, რამაც გამოიწვია ავადმყოფის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა“.

გვენეტაძის თქმით, ექიმები უკვე დაიკითხნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, რომ ნუგზარ ათაბაძე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გასული წლის 12 ნოემბერს, მწვავე ჰემორაგიული პანკრეატიტითა და მწვავე ჰემორაგიული ინსულტით შეიყვანეს.

-„შვილი უცებ გახდა ცუდად. შაბათი დღე იყო და საავადმყოფოში რომ მივიყვანე, მხოლოდ პალატაში მოათავსეს, უბრალო გამაყუჩებელსაც არ უკეტებდნენ. ჩემი შვილი ეხვეწებოდა, ოპერაცია გამიკეთეთ, მუცელში ცუდად ვარო. ორშაბათს შუადღემდე ხელი არ მოკიდეს. 2 ლიტრზე მეტი გაფუჭებული სისხლის ამოუღეს…“,- იხსენებს ყოფილი პაციენტის მამა.

მიმდინარე წლის 9 იანვარს, ნუგზარ ათაბაძე აღნიშნულ საავადმყოფოში, იმავე ჩივილებით ისევ მოხვდა. მას ოპერაცია ხელმეორედ ჩაუტარდა. ავადმყოფის მდგომარეობა მძიმე იყო. ოჯახს მისი თბილისში გადაყვანა უნდოდა, მაგრამ მისმა მკურნალმა ექიმება: ჯემალ ნაკაშიძემ და კახა ქაშიბაძემ ოჯახი დააიმედეს, რომ ყველაფერი რიგზე იყო და რამდენიმე დღეში პაციენტი გაწერეს კიდეც. გაწერიდან ორ დღეში, ნუგზარ ათაბაძე გარდაიცვალა.

მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ოჯახში ქობულეთში ცხოვრობს.

შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, გურამ ათაბაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან შეტყობინება მიუვიდა. გურამ ათაბაძეს შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, სასამართლოს გზით 14 565 ლარის გადახდას ედავება.

კომენტარები