ბოლო 6 თვის განმავლობაში, კომისიამ 21 მსგავსი საქმე განიხილა და ადვოკატებს სხვადასხვა სიმძიმის სასჯელები დააკისრა. ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადვოკატებს ტრეინინგები არ აკლიათ, თუმცა პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება მაინც უჭირთ. ასოციაციაში პროფესიული დაზღვევის სავალდებულო შემოღებაზე საუბრობენ, რაც არაპროფესიონალი ადვოკატისაგან დაზარალებული კლიენტისთვის ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს.

ადვოკატ ა.ბ-ს (ადვოკატის ვინაობა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ სახელდება) ეთიკის კომისიაში საკუთარმა კლიენტმა უჩივლა, რომელმაც მისთვის გადახდილი 1840 ლართან ერთად, სადავო მიწის ნაკვეთიც დაკარგა. საქმის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ადვოკატი 3 წლის განმავლობაში ატყუებდა კლიენტს, სასამართლოში აგზავნიდა ერთი და იგივე შინაარსის სარჩელებს, სასამართლო კი მათ განუხილველად აბრუნებდა ბაჟის გადაუხდელობის მიზეზით. ამასობაში, კლიენტის ნაკვეთი გასხვისდა და ადვოკატს დაზარალებულმა ოჯახმა ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვა. ადვოკატი თანხას არ უბრუნებდა და დაზარალებულმა ეთიკის კომისიას მიმართა.

დაზარალებული ყვება, რომ ამის შემდეგ ადვოკატი სახლში ეწვია, განცხადების უკან გატანა სთხოვა და სანაცვლოდ, ფულის უკან დაბრუნებას დაჰპირდა. კლიენტი, რომლესაც ისედაც გულთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, საქმის გართულებას მოერიდა და განცხადება გაიტანა, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ შეცდა და ადვოკატს მეორედაც უჩივლა.

ეთიკის კომისამ მიიჩნია რომ ადვოკატმა დაარღვია როგორც კანონი ადვოკატთა შესახებ, ასევე პროფესიული ეთიკის კოდექსიც.

-”საჩივრის ავტორს ადვოკატი მუდმივად ართმევდა თანხას ხარვეზის შევსების მიზნით, თუმცა სარჩელი საბოლოოდ განუხილველი რჩებოდა და ამის ერთ-ერთი მიზეზი, საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა იყო. ამასთან, კლიენტი არ იყო ინფორმირებული მისი საქმის მდგომარეობის შესახებ. ადვოკატის არაჯეროვანი წარმომადგენლობის განხორციელებით, განმცხადებელს მიადგა დიდი მატერიალური ზიანი, ვინაიდან ამ დროის განმავლობაში, სადავო მიწის ნაკვეთი გასხვისდა სხვა პირზე,”-ნათქვამია ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაში.

ეთიკის კომისიისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ადვოკატმა კლიენტისგან ხოლოდ 150 ლარის აღება დაადასტურა.

ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და ხელშეკრულება დაზარალებულს საშუალებას აძლევს ყოფილ ადვოკატს სამოქალაქო წესით უჩივლოს და ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს.

ეთიკის კომისიაში შესული განცხადებების სიმრავლე, ქვეყანაში ადვოკატების კვალიფიციურობის პრობლემაზე მიუთითებს.

ადვოკატი დათუნა მოდებაძე, რომელიც ეთიკის კომისიის წევრიც იყო, TSpress-თან საუბარში აცხადებს, რომ პრობლემა 2004 წლის რეფორმის შემდეგ შეიქმნა. მისი თქმით, სამსახურებიდან დათხოვნილმა მოსამართლეებმა, გამომძიებლებმა თუ პროკურორებმა ადვოკატურებს შეაფარეს თავი და თამაშის ის წესები შემოიტანეს, რაც მათი საქმიანობისთვის იყო დამახასიათებელი.

-”ისინი თავიდანვე დაჩვეულები იყვნენ ფულის კეთებას და ახალ პროფესიაშიც იგივე განწყობით მოვიდნენ. ამავე დროს, უმეტესობა მხოლოდ ერთი მიმართულებით იყო სპეციალიზებული, თუმცა, ადვოკატურაში მოსვლის შემდეგ სისხლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ საქმეებს ერთნაირად მოჰკიდეს ხელი. ამის შედეგად გაიზარდა დაზარალებულ კლინტთა რიცხვი და ჩვენი ასოციაციის რეპუტაციაც შეილახა.”

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფ
როსი ოთარ კახაძე ”მეტეხი პალასში” გამართულ ”სასამართლოთა მუშაობის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციაზე”, საკმაოდ მწვავედ შეეხო ადვოკატების თემას და აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესებზე პროფესიონალ პროკურორებს ღირსეული მეტოქეები არ ჰყავთ.

კახაძის განცხადებით, პრობლემა ადვოკატებისთვის ჩატარებული ტრენიგებისა და ტესტირებების არაორგანიზებულობაშია.

-”დაუშვებელია, რომ ადამიანი ადვოკატი ხდებოდეს ვებგვერდზე წინასწარ გამოქვეყნებული ტესტის სწორი პასუხების შემოხაზვით. არ შეიძლება, ადვოკატების დატრენინგება არ ატარებდეს სავალდებულო ხასიათს და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი ადვოკატის პირად სურვილზე იყოს დამოკიდებული. პროკურორებს ყოველწლიურად უტარდებათ რამდენიმე ტრეინინგი, რაც ყოველთვის გამოცდით მთავრდება. პირველ გამოცდაზე ჩაჭრილი პროკურორი განმეორებითი გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაში, სამსახურს ტოვებს. ჩვენ არართხელ შევთავაზთ ჩვენი გამოცდილება ადვოკატთა ასოციაციას, მაგრამ ამას ენთუზიაზმით არ შეხვედრიან,”-აცხადებს კახაძე TSpress-თან საუბარში.

ადვოკატთა ასოციაციის წევრი დათუნა მოდებაძე აცხადებს, რომ ასოციაციის ბიუჯეტი პროკურატურისას ბევრად ჩამორჩება. გარდა ამისა, პროკურორთა კორპუსი სულ 360 პროკურორითაა წარმოდგენილი, იმ დროს როდესაც ასოციაცია 3400 ადვოკატს აერთიანებს. ადვოკატი დათუნა მოდებაძე დამწყები ადვოკატისათვის პრაქტიკის არარსებობაზეც მიუთითებს.

-”საქმეების 90% პროკურატურა საპროცესო გარიგებით ასრულებს. შესაბამისად, მხარეთა შეჯიბრებითობა, რაც საუკეთეოს პრაქტიკაა ახალბედა ადვოკატისათვის, აღარ ხდება საჭირო,”-აცხადებს TSpress-თან საუბარში მოდებაძე.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს ადვოკატთა ასოციაციის სიდუხჭირის არ სჯერა. მისი თქმით, მხოლოდ ამერიკის იურისტთა ასოციაცია ადვოკატებისთვის 20 მილიონიან პროექტს ახორციელებს.

კახაძე TSpress-თან საუბარში იმ თვალშისაცემ განსხვავებაზე საუბრობს, რაც სასამართლოში გამომსვლელ პროკურორებსა და ადვოკატებს შორის არსებობს. მისი თქმით, ტრენინგგავლილი თბილისის პროკუტრატურის პროკურორები სასამართლოს power point-ში წარუდგენენ მტკიცებულებებს, ადვოკატების უმრავლესობას კი, გამართულად საუბარი უჭირს.

-” საპროცესო გარიგების გაფორმება, გარიგების ოქმი, საპროცესო გარიგებაზე შუამდგომლობა, არ შეიძლება სასამართლოში წავიდეს ადვოკატის გარეშე. იმის გამო, რომ საქმეების 90%-ზე ფორმდება საპროცესო გარიგება, ჩვენ სავალდებულო გავხადეთ ამ პროცესში ადვოკატის ჩართულობა, ანუ ადვოკატი ჩართულია ყველა ეტაპზე და ყველა პროცესში. ეს არაა საკმარისი პრაქტიკა?”-აცხადებს კახაძე და დასძენს, რომ მისი კრიტიკა არ ეხება იმ პროფესიონალ ადვოკატებს , რომლებთანაც იუსტიციის სამინისტრო ნაყოფიერად თანამშრომლობს.

საქართველოში, პროფესიონალი და მაღალანაზღაურებადი ადვოკატი სინონიმებია, თუმცა, უკმაყოფილო კლიენტების სიმცირეს არ ისინი უჩივიან.

-”მათ ყველაზე ხშირად ექმნებათ პრობლემები, უბრალოდ, ეს ფაქტები არ ხმაურდება. მიზეზი მარტივია, მაღალშემოსავლიან ადვოკატს ფულის უკან დაბრუნება და შესაბამისად, უკმაყოფილო კლიენტის გაჩუმება შეუძლია, დავალშემოსავლიანს კი – არა”,-აცხადებს ადვოკატი დათუნა მოდებაძე.

უკმაყოფილო კლიენტების სიმრავლემ ადვოკატთა ასოციაცია პროფესიული დაზღვევის სავალდებულო შემოღების აუცილებლობაში დაარწმუნა.

ვინ გაიღებს დაზღვევის ხარჯებს, ჯერჯერობით არ გარკვეულა, თავად ადვოკატი თუ ასოციაცია, თუმცა,
საკითხი პრობლემურია და დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ პროფესიის სავალდებულო დაზღვევა უკვე განახორციელა ნოტარიუსთა პალატამ.

კომენტარები