– „მინისტრს მინდა შევხვდე, რადგან გაირკვეს თანხა, რასაც საავადმყოფო მედავება, რამდენად სამართლიანად ეკუთვნის საავადმყოფოს. მათ ჩემი შვილი მოკლეს, არადროული მკურნალობის გამო“,- განაცხადა გარდაცვლილის მამამ, გურამ ათაბაძემ.

33 წლის ნუგზარ ათაბაძე ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოდან გაწერიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

ოჯახი მის დაღუპვას საავადმყოფოში არასათანადოდ მკურნალობას აბრალებს, საავადმყოფო კი ათაბაძეებს მომსახურების თანხას _ 14 565 ლარს ედავება.

საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. მორიგი სხდომა 27 ივნისისთვისაა დანიშნული.

აღნიშნულ საქმეზე დაწყებულია სისხლის სამართლის ძიებაც.

გარდაცლილი პაციენტის ექიმების: ჯემალ ნაკაშიძისა და კახა ქაშიბაძის მიმართ მიმდინარეობს ძიება „ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების“ მუხლით (სსკ 130, 2 ნაწილი).

23 ივნისს, გარდაცვლილ ნუგზარ ათაბაძის ნეშტს ექსჰუმაციაც ჩაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში იქნება მზად.

საქმეს ბათუმის II განყოფილების გამომძიებელი, ალეკო როდინაძე იძიებს.

კომენტარები