გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები საქმესთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან შეხევდრას ითხოვენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, გააგრძელებენ თუ არა ისინი დღეს დაწყებულ აქციებს.

„ჩემი შვილი ექიმების უყურადღებობამ დაღუპა. რეანიმაციიდან გამოსულმა ის მითხრა, რომ წყალს ვითხოვდი და იმასაც არ მასმევდნენო. თავისი ფეხით ვერ გადაადგილდებოდა, ისე ცუდად იყო და ამას არაფერი სჭირს, ადგესო. რომ წამოდგა, ექიმის წინ მუხლებზე ჩაიკეცა…ამას ეძახიან ექიმები კარგად არისო?!“, კითხულობს გარდაცვლილის დედა, ნათელა ათაბაძე.

ნუგზარ ათაბაძე, როგორც პაციენტი გასული წლის 12 ნოემბერს მიიყვანეს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკურ საავადმყოფოში. ექიმებმა ის მწვავე ჰემორაგიული პანკრეატიტისა და მწვავე ჰემორაგიული ინსულტის დიაგნოზით ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს.

პაციენტის მამა გურამ ათბაძე იხსნებს, რომ მისი შვილი პალატაში დატოვეს და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიცემაზე უარი თქვეს. ‘ჩემი შვილი ეხვეწებოდა, ოპერაცია გამიკეთეთ, ცუდად ვარო. ორშაბათს შუადღემდე ხელი არ მოკიდეს. შემდეგ კი 2 ლიტრზე მეტი გაფუჭებული სისხლის ამოუღეს…“ ამბობს გურამ ათაბაძე.

გარდაცვლილის ოჯახი ფიქრობს, რომ „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოში“ მათი შვილი ექიმებმა მკურნალობის ნაცვლად ექსპერიმეტის მონაწილედ აქციეს.

„ტკივილს ვერ უყუჩებდნენ და საწოლზე მიბმული ჰყავდათ, ასე ამბობდნენ _ ვაკვირდებითო. ხელებზე და ფეხებზე ჩემს საწყალ შვილს იარები ჰქონდა საწოლზე თოკით მიბმის გამო… ყვიროდა მიშველეთო…“, იხსენებს გარდაცვლილი პაციენტის ნუგზარ ათაბაძის დედა.

საქმის გარკვევის თხოვნით გარდაცვლილი პაციენტის, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს.

ისინი მინისტრთან, თემურ გაბაიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. თუმცა, სამინისტროს წინ, მხურვალე მზეში ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ მათთან მხოლოდ მინისტრის მოადგილე თამაზ კარანაძე გამოჩნდა. მან ათაბაძეებს განუმარტა, რომ სამინისტრომ სამედიცინო რეგილირების სააგენტოს მიმართა და ამ ეტაპზე მათ მიერ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს შემოწმების შედეგად მომზადებულ დასკვნას ელოდებიან.

როგორც აღმოჩნდა, მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ ამ სამსახურმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კვლევა ათაბაძის საქმეზე გასული თვის ბოლოს დაასრულა.

TSpress „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ დაუკავშირდა.

მათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში გადაგვამისამართეს. პრესამსახურის უფროსის სოფო გვალიას განცხადებით, რეგულირების სააგენტოს მომზადებული დასკვნა რამდენიმე დღეში საბჭოზე განიხილება და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საჯაროც გახდება.

პარალელურად გარდაცვლილ ნუგზარ ათაბაძის საქმეზე სისხლის სამართლის ძიება მიმდინარეობს.

პაციენტის ექიმებს ჯემალ ნაკაშიძისა და კახა ქაშიბაძის, შესაძლოა, ბრალი

„ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების“ მუხლით დაედოთ.

რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ნუგზარ ათაბაძის ნეშტს ექსჰუმაციაც ჩაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში იქნება მზად.

საქმეზე მიმდინარეობს სამოქალაქო დავაც, რომელშიც მოსარჩელე შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოა“. ის ათაბაძეების ოჯახს მკურნალობის თანხას _ 14 565 ლარს ედავება.

აღნიშნული საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მ
ოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილი განიხილავს. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა 27 ივნისისთვისაა დაგეგმილი.

შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს იურისტი, დავით ჩხეიძე ოჯახს თანხის ეტაპობრივად დაფარვას სთავაზობს. „სტაციონალმა გაუწია პაციენტს აღნიშნული მომსახურება. შესაბამისად, თანხა უნდა გადაიხადონ. ჩვენ თანახმა ვართ საქმის მორიგებით დამთავრებაზე. შეგვიძლია, თანხის ეტაპობრივ გადახდა შევთავაზოთ. ასევე, გვესმის ოჯახის მდგომარეობა და არ მოგვითხოვია გადასახადი თანხის პირგასამტეხლო“-აცხადებს ჩხეიძე.

თუკი 27 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლო ათაბაძეებს შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ საკეთილდღეოდ მოთხოვნილ თანხას დააკისრეს, ათაბაძეების ოჯახი ხანგრძლივი აქციების გამართვას აჭარის მთავრობის სახლთან გეგმას.

ათაბაძეების ოჯახს სოლიდარობა პოლიტიკურმა პარტიამ „თავისუფალი საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთამ გამოუცხადა: „უსამართლობაა ეს ყოველივე. ადამიანს საავადმყოფოში მკურნალობა არ უნდა ეშინოდეს, მაგრამ ჩვენთან სამწუხაროდ, სწორედ ეს მდგომარეობაა“, ამის შესახებ ახალგაზრდული ფრთის ლიდერებმა დღევანდელ აქციაზე განაცხადეს.

პარტიის წევრები უსამართლობაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, დაგეგმილ პერმამენტულ აქციებსაც შეურთდნენ.

კომენტარები