სახალხო დამცველი, ქსნის #15 სასჯელარსრულების დაწესებულების ე.წ ახალი ნაწილის 693-მა უფლებაშელახული მსჯავრდებულის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურას გამოძიების დაწყებას თხოვს.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს, სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ ქსნის დაწესებულებაში განთავსებულ რამდენიმე ასეულ პატიმარს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ მიმართ ხშირია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სხვადასხვა სახის ძალადობას და ღირსებისშემლახავ მოპყრობას ყველაზე ხშირად ადგილი აქვს დაწესებულებაში მიღებისას და სამარტოო საკანში მოთავსებამდე.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ასევე, ხშირია დასჯის უკანონო მეთოდების გამოყენება მცირედი გადაცდომისთვის, დაწესებულებაში ხშირად არ მუშაობს ტელეფონი, პატიმრებს არ მიეწოდებათ პრესა და არ აქვთ რადიო მიმღებები.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, პატიმრებთან გასაუბრებისა და მიმართვის მიღებიდან ორ დღეში კვლავ მოინახულეს ქსნის აღნიშნული დაწესებულება და აღმოაჩინეს, რომ 28 მსჯავრდებული, რომლებმაც ყველაზე აქტიურად გამოთქვეს პროტესტი დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გამო, 24 ივნისს, დილის საათებში, ქსნის დაწესებულებიდან, თბილისის #1 დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს. სახალხო დამცველს, მათი გადაყვანის მიზეზი ადმინისტრაციამ არ განუმარტა.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ქსნის #15 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები სახალხო დამცველს 2010 წელსაც კოლექტიური თუ ინდივიდუალური საჩივრებით ხშირად მიმართავდნენ. ისინი ძირითადად, თანამშრომლების მხრიდან ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტებს შეეხებოდა, რაც სახალხო დამცველის ამავე წლის ანგარიშშიც აისახა.

სახალხო დამცველი დაწესებულების ორ თანამშრომელს: ლევან ლეჟავას და გელა იოსავას ასახელებს, რომლებიც პატიმართა განცხადებით, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.

ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულება, პატიმრების სიკვდილიანობის რიცხვითა მეორე ადგილზეა. დაწესებულებაში, გასულ წელს, 10 პატიმარი გარდაიცვალა.

ამ მხრივ, გლდანის #18 დაწესებულება ლიდერობს, სადაც გასულ წელს, 86 პატიმარი გარდაიცვალა. სულ საქართველოში, შარშან 140 პატიმარი დაიღუპა.

კომენტარები