ბათუმის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანის მოქალაქე სოლმა სარიევა წვრილმანი ხულიგნობისთვის 100 ლარით დააჯარიმა. თუმცა, სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი, გონიოს პოლიციის თანამშრომელი იმედა დიასმიძე მოსამართლეს სარიევასთვის ადმინისტრაციული პატიმრობის მისჯას ითხოვდა: „ბატონო მოსამართლევ! გთხოვთ, პატიმრობა მიუსაჯოთ, რადგან გონიოში სხეულით ვაჭრობს და ამის დასჯა სამაგალითო იქნება სხვებისთვის“. სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა.

გონიოში პროსტიტუციის ბუმის შესახებ, ბოლო პერიოდში, მედიასაშუალებებით აქტიურად შუქდება. თავად გონიოს მოსახლეობამაც აღნიშნულთან დაკავშირებით, გონიოს პოლიციას და ბათუმის მერიას რამდენჯერმე მიმართა. იმართებოდა აქციებიც.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის იურისტის, გიორგი ხიმშიაშვილს მიაჩნია, რომ პოლიციას დანაშაულის თაობაზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღებისთანავე ძიება უნდა დაიწყოს: „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პოლიციელები ვალდებული იყვნენ ძიება ამ საქმეზე პირველივე განცხადებისთანავე დაეწყოთ. ამ შემთხვევაში კი, თვითონ პოლიციელი აცხადებს, რომ ის ინფორმირებულია, თუ რას საქმიანობს მის მიერ სასამართლო პროცესზე მოყვანილი პიროვნება. ხაზგასასმელია ისიც, რომ სარიევა, არა როგორც პროსტიტუციაში ჩაბმული პირი, არამედ სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჰყავდათ დაკავებული. თვითონ პროსტიტუციაში ჩაბმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა“.

იურისტის განცხადებით, თუკი მხოლოდ პოლიციელმა დიასამიძემ იცის სარიევას ქმედების თაობაზე და ამის შესახებ, პოლიციის განყოფილებას არ აწვდის ინფორმაციას, კანონდარღვევაა:

-„რიგითი მოქალაქეა ვალდებული ნებისმიერი დანაშაული პოლიციას შეატყობინოს. შესაბამისად, არის პოლიციელიც. ამ შემთხვევაში კი, რადგან პროსტიტუციაში ჩაბმა კანონით სისხლის სამართლის დანაშაული არაა, პოლიცია ამ ინფორმაციას უნდა მიჰყვეს და გამოიძიოს, თუ სად ეწევა მოქალაქე პროსტიტუციას, ხომ არ არის პროსტიტუციაში ჩაბმული ძალადობით, შანტაჟით ან მოტყუებით. ასევე პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემაც – სისხლის სამართლის დანაშაულია“.

თუ რატომ არ მიმდინარეობს გონიოში პროსტიტუციაში ჩაბმის (სსკ 253 ითვალისწინებს სასჯელს _ თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე) და პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის გადაცემის (სსკ 254, ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე) შესახებ ძიება, გონიოს პოლიციის უფროსი არ პასუხობს. მალხაზ გაბაიძემ, TSpress-ის შეკითხვის მოსმენისთანავე, ტელეფონი გათიშა.

კომენტარის მოწოდება დაგვპირდა შსს-ს პრესამსახურის უფროსი ზურაბ გვენეტაძე. თუმცა, მან ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.

კომენტარები