საზეიმო ვითარებაში გახსნილი, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი 540 მეტრიანი საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი მალე დასრულდება.

22 აგვისტოს ხიდი პრეზიდენტმა ოფიციალურად გახსნა. მან განაცხადა, რომ ანაკლია „მთელი შავი ზღვისპირეთის რეგიონში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კურორტი“ გახდება.

მდინარე ენგურზე გადაჭიმული 540-მეტრიანი საფეხმავლო ხიდი ანაკლიას აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფელ განმუხურს აკავშირებს. კურორტის გახსნა ფეირვერკით და კონცერტით აღინიშნა.

ვალენსიაში მდებარე არქიტექტურულმა კომპანია CMD Ingenieros-მ, ანაკლიაში საკურორტო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისთვის, კომპანიის მონაცემებით, 16.5 მილიონი ევრო მიიღო.

ღონისძიებიდან რამდენიმე დღეში კი ხიდის ხის კონსტრუქციის დაშლა დაიწყო. ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდის აგებაზე, კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მუშაობდა.

ხიდის აგების აუცილებლობას tspress.ge-სთან პირად საუბარში, მთავარი ინჟინერი, ირაკლი ბაჟუნაიშვილი ახალი ხიდის ასაგებად მუშების სადგომი ადგილის საჭიროებით ხსნის.

-„ეს გერმანელმა არქიტექტორებმაც გვითხრეს…“ – ამბობს ის.

ბაჟუნაიშვილის თქმით, ხიდისთვის საჭირო ხის მასალა, ქუთაისის ქარხანაში აეწყო და ხის ხარისხიდან გამომდინარე, გამძლეობა სუსტი ექნებოდა.

-„ძველი ხიდი სიგანეში 3 მეტრი იყო, ახალი კი, 6 მეტრი იქნება და მისი ძირითადი ნაწილი რკინისგან აშენდება, ხოლო გარედან ხის მასალით დაიფარება. მასალას გერმანიიდან ველოდებით,“- ამბობს ბაჟუნაიშვილი.

კომპანიის სუპერვაიზერის, დათო კოპაძის თქმით, ძველი ხიდი მეორე ხიდის გაკეთებაში ეხმარება და რომ არა ძველი, ახალი ხიდი არ გაკეთდებოდა. მისი თქმით, ახალი ხიდის ასაშენებლად საჭიროა მუშები ძველ ხიდზე დადგნენ.

„იმ ხიდზე დადგომით კეთდება ეს ხიდი,“-აცხადებს ის.(იხ. ვიდეო)

კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც tspress.ge-ს ანონიმურობის გარანტიით ესაუბრა, აცხადებს, რომ არსებული ხიდის კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობად გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. მისი თქმით, კონსტრუქციას ამწე კრანი თავის ადგილას დებს და იქ დამხმარე ხელი, ანუ მუშების ხიდზე დგომა, საჭირო არ არის. მისი თქმით, აღნიშნული ხიდის მშენებლობა 4 თვე მიმდინარეობა და მხოლოდ ხის კონსტრუქციაზე 1,5 მლნ. ლარი დაიხარჯა. ამას ემატება ამ თვეების მანძილზე, მშენებლობაზე მომუშავე იმ 150-ზე მეტი ადამიანის შრომის ანაზღაურება(საათში 3 ლარი).

-„აწი საჩქარო არაფერია, გაკეთდა ყველაფერი, რაც გასაკეთებლი იყო: მიშამ ხიდზე გაიარა. 1,5 მლნ იმ ხეზე(ხის კონსტრუქციაში-ავტ) გადაირიცხა და უკვე იშლება. მასალა სვანეთში მიაქვთ და თუ სადმე ფეხით გადასასვლელია, იქ დადებენ. 1,5 მლნ წყალში ჩაიყარა.“

კომენტარები