“გურია ნიუსის ” ინფორმაციით, სააკაშვილის ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო და მას არც ერთი მედიასაშუალება არ ესწრებოდა. პრეზიდენტის დაცვის წევრების განმარტებით, შეხვედრა დახურული იყო.

ოზურგეთში, რესტორან “ქალაქურთან” მდგომმა პრეზიდენტის დაცვის წევრებმა და პოლიციელებმა, “გურია ნიუსს” კადრების გადაღების უფლება არ მისცეს და ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს.

გამოცემამ პრეზიდენტის ჩამოსვლის ამსახველი ფოტო–ვიდეო მასალის გადაღება მაინც მოახერხა, თუმცა, გადაღებული ყველა მასალა დაცვის წერებმა წაუშალეს.

“იყო დახურული შეხვედრა. თქვენ გადაიღებდით საჯარო ღონისძიებებს. კოორდინირებულ რეჟიმში ხომ უნდა ვიმუშაოთ, არა?”– განმარტა “გურია ნიუსთან” საუბრისას დაცვის ერთ–ერთმა წევრმა.

ჟურნალისტებისთვის გადაღებული მასალის წაშლის ფაქტს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა.

“ქარტია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტის პრესს სამსახურის წარმომადგენლებს დაიცვან ჟურნალისტთა უფლებები და ინტერესები. ასევე, დაისვას იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც გადაამეტეს უფლებამოსილებას და ქარტიის წევრ ჟურნალისტებს წაუშალეს გადაღებული ფოტოები”– აღნიშნულია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის დაცვის წევრების მხრიდან, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და მოპოვებლი მასალის განადგურების ეს პირველი შემთხვევა არაა.

მიმდინარე წლის 3 მაისს, ფოთში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს, კადრების გადაღებისას სააკაშვილის დაცვის წევრებმა tspress – ის ჟურნალისტ იზა სალაყაიას კამერა და ჩანთა წაართვეს. მოგვიანებით ეზოში დატოვებულ კამერაში მეხსიერების ბარათი აღარ იდო.

მომხდარის შესახებ ინტერნეტგამოცემამ განცხადებით სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართა. პროკურატურამ გამოძიებისთვის განცხადება შსს ფოთის სამმართველოს გადაუგზავნა, თუმცა, ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია

კომენტარები