კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ტელეკომპანია “მაესტროს” კუთვნილ სატელიტურ თეფშებზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურატურას მიმართავს. აღნიშნულზე კოალიციამ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

“ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, მოეხსნას ყადაღა “მაესტროს” კუთვნილ თეფშებს, რადგან მივიჩნევთ, რომ ყადაღის დადებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლების უფლება, საარჩევნო კოდექსის და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის გარკვეული მუხლები. ჩვენი არგუმენტი დასაბუთებულია და მივმართავთ იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს, რომ “მაესტროს” ანტენებს ყადაღა საკუთარი განცხადებით მოხსნას”, – განუცხადა ჟურნალისტებს კოალიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ.

გაზეთს “რეზონანსის” მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი აქციების პერმანენტულად გამართვას გეგმავენ.

“მაესტროს” ქონებაზე ყადაღის მოხსნის საკითხზე ეს უკვე მეორე განცხადებაა, რომელიც პროკურატურაში შევიდა. უფრო ადრე მედიის წარმომადგენლებთან ერთად სამართალდამაცვებს წერილობით “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ და რადიო “უცნობის” ხელმძღვანელმა ბასა ჯანიკაშვილმა მიმართეს.

კომენტარები