ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება, რომელიც მას საბჭოური ცხოვრების ნოსტალგიაში ადანაშაულებს თავად “გაჭრილი ვაშლივით გავს საბჭოთა წინაპარს”. მისი თქმით, საქართველოში საბჭოთა აზროვნება დღემდე ცოცხალია

–”თავისი წინაპარივით ამ ხელისუფლების იდეოლოგიაც ტყუილზეა აგებული, ხოლო საბჭოური მექრთამეობა ელიტარული კორუფციით არის ჩანაცვლებული.

ორი-სამი კაცი თავისი ნება-სურვილით განკარგავს სახელმწიფო ბიუჯეტს და არა მარტო ბიუჯეტს. სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის ხელშია ყველა საფინანსო ნაკადი, რაც კი ქვეყანაში ტრიალებს.

სააკაშვილი გააფთრებით გაჰკივის ყველგან, მეტი საქმე არ მაქვს, ეს ქვეყანა ვინმე სხვას გადავაბარო და დავანგრევინოო.

მე არ ვიცი არც ერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ასე დაუფარავად გაბედავდა იმის საჯაროდ გაცხადებას, რომ არსად არ აპირებს წასვლას, არ აპირებს თავისი ნებით ხელისუფლების ხალხისთვის გადაბარებას. მე არ ვიცი ამის საჯაროდ მთქმელი არც ერთი ხელისუფლება, საბჭოთა ხელისუფლების გარდა.

აი, ასეთი ხელისუფლება მდებს მე ბრალს საბჭოური ცხოვრების ნოსტალგიაში. არც ეს ტყუილი გაუვა, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი წარმატება სწორედ იმან განაპირობა, რომ საბჭოეთს მოეღო ბოლო”– განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილმა, თავის უგუნური პოლიტიკით, შემოიყვანა რუსის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის დასტური ოკუპირებული ტერიტორიებია.

ივანიშვილის თქმით, ქვეყნაში, რომელსაც ბევრი რამ სჭირდება პირველ რიგში სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური წონასწორობა უნდა აღდგეს.

კომენტარები