სამაჩაბლოს მშვიდობიანი პროცესების წარმართვა, როგორც ჩანს მხარეების მხოლოდ სურვილია და სხვა არაფერი. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, სეპარატისტებს უკვე მშვიდობიანი მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილი, კარგა ხანია, აღარც აქვთ. სეპარატისტულ ხელისუფლების ამგვარ ”სიკერპეს” ხალხი საქართველოს ხელისუფლების არათანმიმდევრულ პოლიტიკასაც უკავშირებენ.

ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, წლების მანძილზე ვერ უზრუნველყო ერთი, მკაფიო და მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელება, რაც აშკარას გახდიდა ქართული მხარის ნათელ პოზიციას კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

იგორ ბერიშვილი, ფრონეს ხეობა: ”ხალხს რა უნდა მოსთხოვო, როდესაც თვითონ ხელისუფლებას ვერ გაურკვევია, რა უნდა. ხან სულ იმას ქადაგებენ ოსები ჩვენი ძმები არიან და მაგათთან საომარი არაფერი გვაქვსო, ხან კი იქადნებიან, არც ომისა გვეშინიაო. ჩვენ, ქართველები ვერ ვიგებთ, რა უნდათ და მოდი ახლა ოსებს აუხსენი ყველაფერი. ეს არც ომია და არც მშვიდობა!”

მართლაც, სამაჩაბლოში გასული დღეების მანძილზეკონფლიქტის ზონაში მეტად უცნაური ვითარება შეიქმნა. ორივე მხარე ცდილობს დაამტკიცოს, რომ მათ უნდათ მშვიდობა და ორივე ხელისუფლება თავიანთი სიმართლის დაამტკიცებას ცდილობს.

გიორგი ზაუტაშვილი, ადგილობრივი მკვიდრი: ”კი ბატონო, ქართველები მართლები არიან და ომის პროვოცირება ისევ ოსებმა მოახდინეს, ამის დამტკიცებით რას მივაღწევთ? იმათი მთავრობა ბოდიშს მოიხდის და რუსი ოკუპანტები ამისთვის სეპარატისტებს დასჯიან თუ? თავიდან ბოლომდე რომ დათვალო, რაც ოსებმა ვითომ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, იმის შემდეგ რამდენჯერ დაგვარტყეს ოსებმა, ერთ ფურცელზე არ დაეტევა, მაგრამ ამით რა? სანამ ერთხელ და სამუდამოდ არ ვიტყვით, რომ ყველაფრის მიზეზი რუსი და მხოლოდ რუსი ოკუპანტები არიან, მანამდე ასეთი კატა-თაგვობანა არ შეწყდება საქართველოში”.

ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ ხელმოწერილი სამშვიდობო დოკუმენტის შესასრულებლად რამდენჯერ შემცირდა ქართული საჯარისო შენაერთების რაოდენობა ფრონის ხეობაში, ნიქოზთან, ქარელთან და ერგნეთთან. ქართულმა ბლოკ-პოსტებმა ფუნქციონირება რამდენიმე თვით საერთოდ შეწვიტეს და 500-კაციანი ევროპელი სამშვიდობოების იმედად დავრჩით.

ანუ ამით მოხდა იმის აფიშირება, რომ ქართული მხარე ცდილობს, ხელშეკრულების პირობები შეასრულოს. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა უფრო დათვური სამსახური გაუწია ცხინვალის სეპარატისტულ მთავრობას – მათ ეს წელიც იარაღის შეძენასა და ჯარის შეგროვებას მოანდომეს.

ბიძინა პარუნაშვილი: “ამასწინათ ჩემი ძმა იყო დანგრეულ თამარაშენში გადაპარული და სოფელში გაგიჟებული დაბრუნდა. სეპარატისტების ხელში ისეთი იარაღი და ცხინვალში იმდენი ტანკი ნახა, რომ დავრწმუნდით იმათი მთავრობა ადვილად არსად წავა. ოსებს და რუსებს ისეთი უახლესი მოდელის ტანკები ჰყავდათ, მარტო ტელევიზორში თუ გვინახავს მე არ ვამბობ, რომ ჩვენებმა მაინცა და მაინც რუსების ტანკებს ქართული ტანკები პირისპირ დაუყენონ და ახალი ომი დაიწყონ, მაგრამ ხომ ხედავთ, რა ხდება. რუსები ყოველდღე ახალ იარაღს ყიდულობენ. აგერ ახლახანს ფრანგებისაგან ძალიან მაგარი გემიც იყიდეს. ჩვენ კი, ვერაფერსაც ვერ ვუპირისპირებთ”

თუკი ხელისუფლების დაპირებას დავეყრდნობით, ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებ
ს სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა სულ მალე უნდა მოუგვარდეს. როგორც ამბობენ, სარწყავი ნაგებობა ექვსი აგრეგატისაგან უნდა შედგებოდეს და ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკება მეშვიდე აგრეგატის შექმნაზე, რაც ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მორწყვას სრულიად უზრუნველყოფს.

რაც შეეხება მოხმარებული წყლის გადასახადს, სავარაუდოდ, გლეხები მას იდენტიფიცირებისა და ინდივიდუალური ხელშეკრულების შესაბამისად გადაიხდიან.

იაგო ფაშერაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “მთავარია სარწყავი ფიზიკურად გაკეთდეს და, წყლის გადასახადი ძალიან დიდი თუ არ იქნება, გავიჭირვებთ და ყველა გადავიხდით. კარგად ვიცით, რომ უფასო არაფერია ქვეყანაზე და თუ რამე გინდა, ფულიც უნდა გადაიხადო. თუმცა, რაც მთავარია, ჯერ სარწყავი გაკეთდეს და იმედია, რამენაირად გადასახადზე შევთანხმდებით მთავრობასთან.

100 და 200 ლარს ნამდვილად ვერ შეწვდება აქაური მოსახლეობა, თუმცა, 20–30 ლარს გავიჭირვებთ და ავად თუ კარგად, გადავიხდით. ზოგი იმასაც ამბობს, სარწყავი წყალი მთლად უფასო იქნებაო. მაგას რა აჯობებს, თუმცა მთავარია იყოს წყალი, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ“

მნიშვნელოვანი პრობლემები ჩნდება სოფელ ერგნეთის მორწყვასთან დაკავშირებით. სოფელი ერგნეთი, ნიქოზის კაშხალზე უფრო მაღლა მდებარეობს, ამიტომ სოფლისთვის სარწყავი წყლის მიწოდება შეუძლებელია. ამ საკითხზე პროექტზე მომუშავე ინჟინრებს გარკვეული პრობლემები აუცილებლად შეექმნებათ, თუმცა, ერგნეთი, როგორც ომის შემდეგ ერთ–ერთ ყველაზე მეტად დაზარალებული სოფელი (ერგნეთში სახლების 70% დამწვარი და დანგრეულია), სარწყავი პროექტის მიღმა არ უნდა დარჩეს.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ სანამ საქართველოში წინასაარჩევნო მდგომარეობაა, პროვოკაციების საფრთხე მათ მხარეში უფრო დიდი იქნება. მათ კარგად ახსოვთ ოთხი წლის წინანდელი აგვისტო, როდესაც რუსეთმა სამაჩაბლოში ომი და ისიც იციან, რა საფრთხეს შეიცავს ოკუპირებულ ახალგორში რუსული საჯარისო შენაერთების მიერ დაგეგმილი წრთვნები. იციან, მაგრამ ამით არაფერი იცვლება…

კომენტარები