კახეთის საინფორმაციო ცენტრი (ick.ge) საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხს“ პლაგიატში ადანაშაულებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაცით, არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობამ და კორესპონდენტებმა ლიკა ხურციძემ და რომან ქევხიშვილმა ick– ს მასალა პროფესიული სტანდარტების დარღვევით, წყაროს მითითების გარეშე განათავსეს.

” საქმე ეხება 2012 წლის 4 სექტემბერს, 20:19 საათზე, „მოამბეში“ გასულ სიუჟეტს „მოკვლევა თელავის ინციდენტზე“. სიუჟეტში გამოყენებულია კახეთის საინფორმაციო ცენტრის ფოტო და ვიდეომასალა ისე, რომ არც გადაცემის წამყვანს და არც სიუჟეტის ავტორებს არ მიუთითებიათ ფოტო და ვიდეომასალის ავტორი მედიასაშუალების შესახებ, მითუფრო, რომ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ბოლოს მითითებული იყო მასალის გამოყენების წესები”– წერს ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი განმარტავს, რომ “პირველი არხის” ჟურნალიტს მასალის ლოგოს გარეშე გამოქვეყნებაზე უარი განუცხადა.

–„პირველი არხის“ რეგიონული კორესპონდენტი რომან ქევხიშვილი დამიკავშირდა ტელეფონით და მითხრა, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვიდეომასალას ლოგოს გარეშე გამოიყენებდა, რაზედაც უარი ვუთხარით. ამის მიუხედავად, მათ მაინც გამოიყენეს ვიდეო, რომელიც გადაღებულია თელავში და ასახავს წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტს. მეორე საკითხია როგორ გააშუქეს ეს ფაქტი. მე მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად შეეცადნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანონის დარღვევა მინიმუმადე დაეყვანათ. აღნიშნული ვიდეომასალა მხოლოდ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჰქონდა. „პირველმა არხმა“ ვიდეო და ფოტომასალა ეთერში ისე გაუშვა, გარდა იმისა, რომ წყარო არ მიუთითა, ფოტოებზე და ვიდეოზე დადებული კახეთის საინფორმაციო ცენტრის ლოგო, ტიტრებით გადაფარა და კადრები ისე გადაიღო, რომ ლოგო არ გამოჩენილიყო“, – აღნიშნავს მთივლიშვილი ick.ge –ზე კომენტარისას

კახეთის საინფორმაციო ცენტრი მოუწოდებს მედიასაშუალებებს და სხვა ორგანიზაციებს, www.ick.ge–ზე განთავსებულ მასალებს ნუ გამოიყენებენ კახეთის საინფორმაციო ცენტრთან შეთანხმების გარეშე და თანხმობის მიღების შემთხვევაშიც, აუცილებლად მიუთითონ წყაროს შესახებ.

კომენტარები