დღევანდელ თბილისში, სამი რამ არის განსაკუთრებით ბევრი: საარჩევნო პლაკატები, მათხოვრები და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები. ევროპიდან და დედამიწის მეორე ნახევარსფეროდან შემოტანილი მეორადი ტანსაცმლით თბილისის პრესტიჟულ თუ ნაკლებად პრესტიჟულ უბნებშიც ვაჭრობენ.

მისი აღმატებულება ფუთა!

ყბადაღებული აზრი, რომ იქაური ტანსაცმელი ნახმარია, მაგრამ ხარისხიანი–ხშირ შემთხვევაში შემძენთა მთავარ არგუმენტს წარმოადგენს. ზამთრისა თუ ზაფხულის ტანსაცმელი, დიდისა თუ ბავშვ-მოზარდის შესამოსელი და ფეხსაცმელი, საოჯახო ნივთები, თეთრეულიც კი… რას არ ნახავთ მეორადებში. ხშირად ისეთ ყოვლად უვარგის და გამოუსადეგარ ნივთსაც კი წააწყდებით, გაგიკვირდებათ, ამის მყიდველი როგორ შეიძლება არსებობდესო, მაგრამ მყიდველი ყველაფერს ჰყავს – კაცის ნახმარი ქვედასაცვლიდან დაწყებული, თვალამოთხრილი სათამაშო თოჯინით დამთავრებული.

წერეთლის გამზირზე ყველაზე მეტი ასეთი მაღაზიაა გახსნილი. ვანო ჯავახიშვილის არ იყოს: “ფუთა არ იხსნება ისე” და მართლაც – აქ ყოველ დილით, ფუთების გახსნის ლამის რიტუალად ქცეული პროცესია ჩასატარებელი. ფუთებს, როგორც წესი, მაღაზიის პატრონები საკუთარი ხელით ხსნიან და ალბათ სუნთქვაშეკრულნიც კი ელიან, რას შეახვედრებთ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა და იღბალი. ერთ ასეთ რიტუალს მეც შევესწრი.

მაღაზიის გამყიდველმა დაიწყო ფუთის პატარა დანით გაჭრა და იღებს და იღებს ტანსაცმელს. ჯერ ადამისდროინდელი, გაცვეთილი ჯინსი ამოიღო. ხელში შეატრიალ-შემოატრიალა, შეათვალიერა და 1 ლარად ღირებული ტანსაცმლის განყოფილებისკენ მოისროლა. მერე ქალის ჩექმა ამოიღო. ამან უფრო მეტად დააინტერესა და იქვე წააწერა სავარაუდო ფასი – 40 ლარი, შემდეგ მამაკაცის ნახმარი პერანგების მთელი შეკვრა ამოაძვრინა ფუთიდან და იმის გამო, რომ პერანგებს სპეციფიური სუნი ჰქონდა, ერთგვარი ზიზღით გადასდო გვერდზე. ბოლოს კი უზომოდ გაუმართლა, როდესაც ხელში ნიანგის ტყავის შარვალი მოჰყვა. როგორც გაირკვა, იღბლიანი ფუთის მფლობელი აღმოჩნდა…

იქ, სადაც ხარისხი დაეცა…

მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებს პრაქტიკულად ყველანაირი კატეგორიის ხალხი სტუმრობს. მათ შორის ისეთებიც კი, რომლებსაც ფინანსური პრობლემები არ აწუხებთ და მაღალხარისხიანი, ახალი ტანსაცმლის შეძენა რომ პრობლემა არ აქვთ, მაგრამ ასეთ მაღაზიებში კონკრეტულ ნივთებს დაეძებენ, ანუ ისეთ ნივთებს, რომელთა შოვნაც პრესტიჟულ მაღაზიებში ვერ მოახერხეს. ყველაზე კარგად აქ ქართული ხასიათის მრავალფეროვნება მოსჩანს. ბევრს ეთაკილება-ხოლმე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში შესვლა და სანამ შევა, მაღაზიის კარებთან, ჯერ აქეთ-იქით იცქირება – ვინმე ნაცნობი ხომ არ არის და როდესაც დარწმუნება, რომ გარშემო ახლობელ-ნაცნობის ჭაჭანება არ არის, მხოლოდ შემდეგ შეაბიჯებს მაღაზიაში.

მეორადი ტანსაცმლის მაღაზიების ყველაზე საინტერესო კლიენტები არიან ე.წ. “ხარისხისტები”. სწორედ ასე უნდა ვუწოდოთ იმ ხალხს, რომლებიც ტანსაცმელ-ფეხსაცმელსა თუ სხვა ნივთებს იმის მიხედვით იძენენ, რამდენად ცნობილი ფირმის პროდუქციაა და ამით ცდილობენ გაამართლონ ის, რომ პროდუქცია მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში შეიძინეს. ასეთი კატეგორიის ხალხი ხშირად, როგორც წესი, ძალიან მეწვრილმანეები არიან და ბოტასის გვერდით აღმოჩენილ პატარა ნაკაწრზეც კი შეუძლიათ მთელი საათი ეკამათნონ გამყიდველს და თან ისეთი ინტონაციით ესაუბრნონ, რომ თითქოს აღნიშნული ბოტასი ერთ დროს გამყიდველს სცმოდა და ნაკაწრიც მისი ბრალი ყოფილიყოს.

მამაკაცები შავებში

მაღაზიებში შემთხვევით შეხეტებული, ანდა უბრალოდ წანწალისმოყვარული ხალხი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სტუმრები არიან. გამყიდველმა გაგვიმხილა, რომ მას უკვე შესწავლილი ჰქონდა ამ კატეგორიის ხალხი და იცის, რომ ისინი არაფრის მყიდველები არ არიან.

ქუჩაში ნელი, ზლაზვნია და აშკარად უსაქმური კაცის ნაბიჯებით მოდის 40-იოდე წლის მამაკაცი. გასცდა ტანსაცმლის ერთ მაღაზიას, მეორეს… და მესამესთან შეჩერდა. ჯერ კეფა დაფიქრებით მოიქექა – შევიდე თუ არაო, მერე ასევე ძალიან ნელა, რაღაცნაირად, თითქოს მორიდებითაც შეაღო მაღაზიის კარი და ნაფტალინის უმძაფრესმა სუნმა ცხვირის ნესტოები აუწვა. გაუყვება ტანსაცმლის ერთ რიგს, მეორეს.. მერე ფეხსაცმელებს ათვალიერებს… ხელში აიღებს ფეხსაცმელს, დიდხანს ატრიალებს. სუნავს, დასცქერის… მერე სხვა ფეხსაცმელს და ჩექმას გადასწვდება, იმასაც ასევე დიდი ხანი დასცქერის. “კურტკებისა” და პალტოების განყოფილებაში ხომ თვალებს დაისიებს ყველაფრის დავლიერებითა და სინჯვით, მაგრამ ამ კაცს შემოსვლის პირველივე წუთიდან ემჩნევა, რომ არაფრის მყიდველი არ არის, მორიგი დროის მოკვლის მსურველი კაცია და ამ დროს გამყიდველებს ისღა დარჩენიათ, კაცს ხელებში ლამის უტუიფრობამდე მისული დაჟინებით უცქირონ… რომ არაფერი “გაიყოლოს”. თუმცა, ასეთები ქურდები იშვიათად არიან.

ქურდებს ემჩნევათ რისი “მკისრებლები” არიან. ყველა წვრილმანი ქურდი მუდამ მთელი გუმლოდგინებითა და ძალ-ღონით ცდილობს, რომ კარგი, ლამის “დედიკოს ბიჭის” შთაბეჭდილება დატოვონ და ამ როლის თამაში, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან უნიჭოდა და არადამაჯერებლად გამოსდით.

შეუძლებელია არაფერი ვთქვათ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში მოვაჭრე ადამიანების კიდევ ერთ კატეგორიაზეც… ეს ხალხი არის ის ადამიანები, რომელებსაც კომუნისტების დროს გადამყიდველებსა და “ხელზე მოვაჭრებს” ეძახდენენ. ასეთები ძირითადად ხანში შესული ქალები არიან, რომლებსაც ხელში ტომრები უჭირავთ და ბევრ რაღაცას ერთად ყიდულობენ. (ხშირ შემთხვევაში კი მაღაზიებიდან ნისიად იღებენ) ამ პროფესიის ადამიანები საბჭოეთის დროს საკმაოდ დიდ ფულსაც შოულობდნენ, რადგან უცხოური (არასაბჭოთა) წარმოების ნივთების შეძენა მაშინ მხოლოდ მათთან თუ შეიძლებოდა. ახლა კი, მათ საქმიანობასაც და არსებობის აზრსაც ყავლი გაუვიდა და დღეს ამონაგები თითოოროლა კაპიკითღა გააქვთ თავი. ეს ადამიანები მუდამ მოსთქვამენ იმ დროზე, როდესაც მოსკოვში ჩავიდოდნენ, ჩეხურ ან პოლონურ “ტავარს” იყიდიდნენ და შემდგომ თბილისში რამდენჯერმე ძვირად ყიდდნენ. მათი “დიდების” წლები წარსულს ჩაბარდა და ამ ხალხისგან ფეხით მოსიარულე წვრილმანი მოვაჭრეები მივიღეთ.

თბილისური მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში ყველაზე კარგად იგრძნობა ის ეკონომიკური და არამხოლოდ ეკონომიკური სიტუაცია, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. მეორადი მაღაზიები თანამედროვეობის პროდუქტია და ნათლად გვაჩვენებს ყველა იმ საზოგადო განწყობებს, რისი დანახვაც ბევრგან არ შეიძლება.

კომენტარები