ევროპულმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გულგრილობაში დაადანაშაულა. სასამართლო ამბობს, რომ დემონსტრანტებისათვის პატიმრობის შეფარდების დროს, მოსამართლეს უნდა გამოერკვია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებლების მიმართ დაარღვია კონვენციის მე-5 (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-11 (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლები (გასაჩივრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებზე), რადგან განმცხადებლების დაკავება მოხდა უკანონოდ, შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევით, ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე ხუთივე განმცხადებელს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც სასამართლოს აზრით, აშკარად გადამეტებული სასჯელი იყო.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლების დაკავება და მათი 30 დღიანი პატიმრობა თვითნებურად, სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების მიერ უფლებამოსილების არაჯეროვნი შესრულებით განხორციელდება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კანონები, რომლის საფუძველზეც მოხდა განმცხადებლების დაკავება არ იყო საკმარისად განჭვრეტადი და განმცხადებლებს არ შეეძლოთ წინასწარ განესაზღვრათ, მოხდებოდა თუ არა მათი დაკავება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში დემონსტრაციის მოწყობის გამო, მაშინ როდესაც, მოქმედი ნორმები სასამართლოს მანდატურებისათვის დაკავების ფუნქციის მინიჭებას სასამართლოს შენობის შიგნით ადგენდა (კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა).

კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლო) დარღვევასთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ერთპიროვნულად, განმცხადებლების მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა სამართლიანი სასამართლოს ყველაზე ელემენტარული პრინციპის სრულ უგულებელყოფას. თავმჯდომარის გადაწყვეტილება მხოლოდ მანდატურების მიერ განმცხადებლებისათვის წარდგენილი ბრალის დამოწმება იყო და არ ყოფილა მიღებული საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად.

განმცხადებლების მიმართ ადგილი ჰქონდა შეკრებისა და მანიფესტაციის კონვენციით დაცული უფლების დარღვევას (კონვენციის მე-11 მუხლი), რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა არ დაასაბუთეს მათთვის ამ უფლების შეზღუდვის საფუძველი და ამასთან, გამოყენებული სანქცია – პატიმრობა იყო ზედმეტად მკაცრი სასჯელი.

ევროსასამართლომ ასევე დაადგინა კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის დარღვევა გასაჩივრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებზე), რადგან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება უზენაეს სასამართლოში დამოკიდებული იყო სასამართლოს დისკრეციაზე და შესაბამისად არ წარმოადგენდა ეფექტურ მექანიზმს.

ევროპულმა სასამართლომ თითოეულ განმცხადებელს მიაკუთვნა კომპენსაცია 6 000 ევროს ოდენობით მორალური ზიანისათვის; ასევე, სახელმწიფოს დააკისრა საქმეზე გაწეული სამართლებრივი და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებისათვის 5 957 ევროს გადახდა.

განმცხადებლების ინტერესებს საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) წარმოადგენდა.

წყარო: http://gyla.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1512%3A2012-10-05-10-41-28&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka

კომენტარები