ხაშურის ცხრა უბანზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა გაიმარჯვა.

აღნიშნულ უბნებზე რეგისტრირებულ 10381 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 2929 ადამიანმა მიიღო. მათმა 91.8 %-მა მხარი ვალერი გელაშვილს დაუჭირა.

“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო ქიტიაშვილის კანდიდატურას, მხოლოდ 112 ხმა ერგო.

საერთო ჯამში, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხაშურში 52 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა, 43 უბნის მონაცემებით, 53 %-ით ლიდერობდა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი, ქიტიაშვილს კი 37 % ჰქონდა.

ხაშურის აღნიშნულ უბნებზე 1 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები მას შემდეგ გაუქმდა, რაც იქ სპეცრაზმი შეიჭრა, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და საარჩევნო ყუთი გაიტაცა.

13 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა და ამის მიზეზად, ვალერი გელაშვილის მხრიდან ზეწოლა დაასახელა.

გორის #32 საარჩევნო ოლქის – #4 საარჩევნო უბანზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მალხაზ ვახტანგაშვილს ხმა მისცა 397 ადამიანმა, ხოლო “ნაციონალების” კანდიდატ გიორგი ტატიშვილს ხმა მხოლოდ 32 ამომრჩეველმა მისცა.

სულ რეგისტრირებული 1415 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 429 ადამიანმა მიიღო.

სიღნაღის #5-ე საარჩევნო უბანზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა გელაშვილმა 527 ხმა მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა კი – 86. სულ კენჭისყრაში მონაწილეობა 623 ამომრჩეველმა მიიღო.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

კომენტარები