ჩატაევის სასამართლო პროცესი დღეს, 14 სთ– ზე უნდა გამართულიყო, პანკისელები მის გათავისუფლებას ელოდებოდნენ.

აჰმედ ჩატაევის განთავისუფლების მოთხოვნით მათ საპროტესტო აქციაც გამართეს.

ჩატაევს პროკურატურა ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში ადანაშაულებს, რაც სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატაევის მონათხრობით ირკვევა, რომ 28 აგვისტოს, შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მას ლოპოტას ხეობაში მყოფ შეიარაღებულ ჩეჩნებთან და ქისტებთან მოლაპარაკებაში ჩართვა სთხოვეს, რომლებიც საქართველოდან დაღესტნის გავლით ჩეჩნეთში გადასვლას აპირებდა.

მოლაპარაკებიდან გამოსულმა ჩატაევმა ქართულ მხარეს ჯგუფის წევრების პირობა გააცნო: ისინი იარაღის დაყრაზე უარს ამბობდნენ, თუმცა, სპეცრაზმის მიერ ლოპოტას ხეობის დატოვების შემთხვევაში, საზღვარს აღარ გადაკვეთდნენ და ისევ პანკისის ხეობაში დაბრუნდებოდნენ.

ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, რომელსაც ჩატაევი კარგად იცნობდა, რამდენიმე წუთი ითხოვა. ჩატაევის ვარაუდით, მან შს მინისტრ ბაჩო ახალაიას დაურეკა. პასუხის მომლოდინე ჩატაევი, სნაიპერმა ფეხში დაჭრა, რის შემდეგაც სპეცოპერაცია დაიწყო. სპეცოპერაციის შედეგად 2 სპეცრაზმელი, 1 სამხედრო ექიმი და შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი დაიღუპა.

დაჭრილმა ჩატაევმა სპეცოპერაციისას ხეობაში მიმალვა მოახერხა და გართულებული ჭრილობით, ის ქართველ მესაზღვრეებს მხოლოდ 10 დღის მერე ჩაბარდა.

ამავე თემაზე:

რა ჰქვია პანკისელ შაჰიდ ქალს და ვინ არის აჰმედ ჩატაევი

კომენტარები