“გამოვხატავთ ჩვენს მოსაზრებას იმ კრიტერიუმების მიმართ, რასაც უნდა აკმაყოფილებს მომავალი სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტია და ამ თანამდებობაზე პოლიტიკურად, ეთნიკურად, რელიგიურად და ნებისმიერი სხვა ნიშნით მიუკერძოებელი ფიგურა უნდა შეირჩეს. ამავდროულად, მისი ღირებულებები და საქმიანობის ვექტორი მიმართული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტების განუხრელი დაცვისკენ.

დაუშვებელია, სახალხო დამცველი ადამიანებს უფლებათა დაცვის თვალსაზრისით რაიმე ნიშნის მიხედვით ყოფდეს და უპირატესობას ანიჭებდეს რომელიმე მათგანს. ტოლერანტობის კულტურის მხარდაჭერა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა კვლავაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა დარჩეს სახალხო დამცველის საქმიანობაში.

ჩვენ ერთობლივად ვაცხადებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ და მხოლოდ ტოლერანტული მრწამსისა და ღირებულებების მატარებელი და, ადამიანის უფლების დაცვის მხრივ, შესაბამისი კომპეტენციის მქონე კანდიდატურა შეიძლება შეარჩიოს სახალხო დამცველად.

ასევე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები, რომლებშიც გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი კონფესიებისა და ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციათა დიდი უმრავლესობა, აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობდა წინამორბედ სახალხო დამცველებთან, სოზარ სუბართან და გიორგი ტუღუშთან.

თანამშრომლობის ეს ფორმატი საუკეთესო მაგალითი იყო რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის ურთიერთობისა. გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ თანამშრომლობისა და სახალხო დამცველის თამამი პოზიციების შედეგად, საქართველოში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ტოლერანტობის კულტურის განვითარების თვალსაზრისით ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა.

ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველად არჩეული იქნება ადამიანი, რომლისთვისაც კანონის უზენაესობა უმთავრესი სამოქმედო პრინციპია. არჩეული იქნება ისეთი კანდიდატურა, რომელიც უშიშრად დაიცავს რელიგიური, ეთნიკური და სხვა უმცირესობების უფლებებს; გაიზიარებს და კიდევ უფრო მეტად განავითებს მისი წინამორბედების გამოცდილებას – აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიათა და ეროვნულ უმცირესოებათა საბჭოებთან, რათა თავიდან იქნას არიდებული ყოველგვარი დისკრიმინაცია და განსხავებული მოპყრობა.”– აღნიშნულია განცხადებაში

რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს გაითვალისწინოს აღნიშნული პოზიცია და საქართველოში არსებულ ყველა რელიგიურ გაერთიანებასთან და ეთნიკურ უმცირესობასთან ითანამშრომლონ.

კომენტარები