კბილაშვილის განმარტებით, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი იყო სხვა კომპიუტერში შეღწევა და მასში დაცული ინფორმაციის მოგროვება. პროგრამის თანახმად, ოთახში, სადაც ეს კომპიუტერი იდგა, შესაძლებელი იყო ვიდეო–აუდიო თვალთვალის განხორციელება. რითაც კუდ-ი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების კომპიუტერულ სისტემებში შედიოდა და არასანქცირებულ მოსმენებს ახორციელებდა.

კბილაშვილის განცხადებით, ამ გზით კუდ-ის თანამშრომლებს უკანონოდ მოპოვებული მრავალი საუბრის ჩანაწერი დაუგროვდათ.

მისი თქმით, 2012 წლის 26 სექტემბერს შს მინისტრის მოადგილე, შოთა ხიზანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ბექა კვარაცხელიას „ქართული ოცნებიდან“ სხვადასხვა ფარული მასალების მოძიება დაავალა, რომელთა გამოქვეყნებაც კოალიციის ლიდერთა მიმართ ხალხის უნდობლობას გამოიწვევდა. პროკურორის განმარტებით, კვარაცხელიამ დავალება შეასრულა.

კბილაშვილის თქმით, ივანიშვილის დაცვის წევრ, ბესიკ სურმავა მასზე განხორციელებული შანტაჟის შემდეგ ის კუდ-ის თანამშრომლების მოთხოვნას, რომ უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო საუბრები თავისი სახელით გაევრცელებინა დათანხმდა. გამოძიების მტკიცებით, ზემოაღნიშნული პროგრამის საშუალებით კუდ-ის თანამშრომლების მიერ უკანონოდ იქნა მოპოვებული სურმავას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი და სწორედ იმის გამო, რომ ის არ გამხდარიყო, სურმავა დათანხმდა მათ წინადადებას.

–„2012 წლის 17 სექტემბერს, გამთენიისას, ბესარიონ სურმავა კუდ-ის თანამშრომლების მიერ მოდულის შენობაში იყო გადაყვანილი. მისი წახალისების მიზნით შოთა ხიზანიშვილმა კუდ-ის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილს დაავალა, რომ სურმავასთვის შსს-ს სახელით 100 000 დოლარი შეეთავაზებინათ, თუმცა, საბოლოოდ, სურმავასთან გასაუბრების შემდეგ, მას გასამრჯელოს სახით 150 000 ევრო გადაუხადეს. ეს თანხა ბესარიონ სურმავას მოდულის შენობაში გადაეცა და საამისოდ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ფულადი თანხა იყო გამოყენებული. ამის შემდეგ ბესარიონ სურმავას გადაეცა წინასწარ მომზადებული ტექსტი, რომლის შინაარსიც მან ვიდეო-კამერის წინ გამოთქვა“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე არჩილ კბილაშვილმა.

მისი განმარტებით, თანხის გადახდის შემდეგ სურმავა აჭარაში გადაიყვანეს და რამდენიმე დღით პატიმრობაში ყავდათ.

ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაუჩინარდა.

მისი სახელით youtube-ზე კოალიციის წევრების, ეკა ბესელიას, გია ხუხაშვილის, ირაკლი ალასანიას, გუბაზ სანიკიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელდა.

სურმავა თავდაპირველად გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცახდებდა, რომ “ქართული ოცნების” წევრების საუბრების მოსმენა და ჩაწერა უსაფრთხოების სამსახურს თავად ბიძინა ივანიშვილისგან ქონდა დავალებული.

კომენტარები