დაკავების საფუძვლების შესახებ დეტალური ინფორმაცია პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ გახდა ცნობილი და მტკიცებულებათა ნაწილი გასაჯაროვდა.

მთვარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დავალებით, ამავე დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტმომხმარებლის კომპიუტერში შეღწევა, მასში დაცული ინფორმაციის მოპოვება და კომპიუტერის ადგილმდებარეობის სივრცეში (ოთახში) აუდიო და ვიდეო თვალთვალის განხორციელება.

პროკურატურის ინფორმაციით, მსგავსი უკანონო შეღწეევა სხვადასხვა დროს ირაკლი ოქრუაშვილის, ნინო ბურჯანაძის, ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში მოხდა, რომლის საშუალებითაც კუდ-ის თანამშრომლებს უკანონოდ მოპოვებული მრავალი საუბრის ჩანაწერი დაუგროვდათ.

კბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესარიონ სურმავას სახელით Youtube-ზე ატვირთული აუდიოჩანაწერები სინამდვილეში კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მიერ ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული მასალები იყო.

მისი თქმით, შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ბექა კვარაცხელიას დაუკავშირდა შს მინისტრის მოადგილე, შოთა ხიზანიშვილი და დაავალა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერების მაკომპრომატირებელი მასალების მოპოვება, რის შემდეგაც კვარაცხელიამ შეარჩია ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული ჩანაწერები,რომელიც 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე გადასცა შოთა ხიზანიშვილს, რომელიც შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

”გამოძიების ინფორმაციით, ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესარიონ სურმავას გამოყენებას წინ უსწრებდა კუდ-ის თანამშრომელთა მიერ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერით მისი შანტაჟირება. იმისათვის, რომ სურმავას პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომატირებელი ვიდეომასალები არ გამოყენებულიყო, სურმავა დათანხმდა”, _ ამბობს კბილაშვილი.

პროკურორის განცხადებითვე, 27 სექტემბერს კუდ-ის თანამშრომლებმა მოდულის შენობაში გადაიყვანეს სურმავა და ხიზანიშვილის დავალებით, მისთვის 100 ათასი დოლარი უნდა შეეთავაზებინა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, ვახტანგ ბოჭორიშვილს. საბოლოდ, გამოძიების ცნობით, 150 ათასი ევრო გადაუხადეს მოდულის შენობაში სურმავას და კბილაშვილის თქმით, მტკიცებულების სახით ეს ფულადი თანხა ამოღებულია. ამის შემდეგ სურმავა აჭარაში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, გამოძიების ცნობით, დაკავებულ პირთა ჩვენებებიდან, კერძოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის, გიორგი ყავლაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიღებული ჰქონდა დავალება, რომ ეცნობებინათ კუდ-ის ხელმძღვანელობისთვის ბიძინა ივანიშვილის კომპანიების ტვირთების შემოსვლის შესახებ, რის შემდეგაც ხდებოდა შემოტანილი ელექტროტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა, რათა მათი შემდგომი გამოყენება შეუძლებელი ყოფილიყო.

აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურამ 12 პირი შემდეგი ბრალდებით დააკავა.

კუდ–ის დირექტორი ლევან ქარდავა(სსკ 143-ე – თავისუფლების უკანონო აღკვეთა, 157-ე -პირადი ან ოჯახური საიდუმლოსხელყოფა და 333-ე მუხლები – თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება).

კუდ–ის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი;(სსკ 143-ე, 157-ე და 333-ე მუხლები),

კუდ–ის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი;(სსკ 187-ე – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება და 333-ე მუხლები),

კუდ–ის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე;(სსკ 158-ე – კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა,284-ე კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა,285-ე – კომპიუტერული მონაცემის ან/დაკომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება და 333-ე მუხლებით),

კუდ–ის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილევასილ ჯამალაშვილი;

კუდ–ის მე-4 სამმართველოს უფროსისის მოადგილეავთანდილ სოლომნიშვილი;

შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია;

კუდ–ის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯავახაძე;

კუდ–ისმე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბორცვაძე;

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი;(სსკ 333-ე მუხლი)

კუდ–ის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი.(სსკ 159-ე მუხლი–პირადი მიმოწერის,ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა),

კუდ–ის მოადგილე ზაალ მაისურაძე (სსკ 143-ე, 157-ე და 333-ე მუხლები)

პროკურატურა მათ ბრალს დღეს წაუყენებს, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, თუმცა როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, ყველა მათგანის მიმართ არ იქნება მოთხოვნილი პატიმრობის სანქცია აღკვეთის ღონისძიების სახით.

კომენტარები