სასამართლომ ბრალის წაყენების დროს მხედველობაში მიიღო ბრალდებულების მხრიდან მიმალვის მცდელობა, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და მიიჩნია, რომ მათთვის აღკვეთის სახით შეეფარდებინა პატიმრობა.

შოთა ხიზანიშვილს პირად თავდებში ჩაუდგა თბილისის მერი გიგი უგულავა, რაც გულისხმობს, რომ გიგი უგულავა იქნებოდა პასუხისმგებელი ხიზანიშვილის გამოცხადებაზე და იმ შემთხვევაში, თუ ხიზანიშვილი წესების დაცვით არ იმოქმედებდა, უგულავა ჯარიმას 1000–5000 ლარის ოდენობით გადაიხდიდა. ეს მოვალეობები თბილისის მერს პროცესზევე განემარტა.

უგულავას პირადი თავდებობის, შეთავაზებული 20 000 ლარის ოდენობის გირაოს და დაცვის მხარის არგუმენტების მიუხედავად, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შოთა ხიზანიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ასევე კუდ-ის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილსაც.

შოთა ხიზანიშვილს, რომელიც ა.წ. 15 ნოემბერს დააკავეს, ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 158-ე მუხლით. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და კერძო ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას.

რაც შეეხება ვაჟა ლელუაშვილს, მას ბრალი 5 მუხლით აქვს წაყენებული: 158-ე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, 284-ე კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, 285-ე _ კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, 333-ე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და 187-ე სხვისი ქონების განზრახ დაზიანება.

სასამართლო პროცესზე ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არც ერთ ბრალდებაში არ მიიჩნევს. განსხვავებით ვაჟა ლელუაშვილისგან, რომელიც ბრალდებას ნაწილობრივ ეთანხმება იმ მუხლების მიხედვით, სადაც საუბარია სხვისი ქონების განზრახ დაზიანებაზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს დარღვევაზე.

შოთა ხიზანიშვილის და ვაჟა ლელუაშვილის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 2012 წლის 26 დეკემბერსაა დანიშნული.

კომენტარები