დღეს, 19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანს 51 წელი შეუსრულდებოდა.

ირაკლი ჩარკვიანი დაიბადა 1961 წლის 19 ნოემბერს.

მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან“ ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი „ტაქსი“.

ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა „War is Over“. მისი პირველი სოლო-დისკი, „Svan Songs“ ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს.

1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ“. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა „საქართველო“, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა „უსაფრთხოება“. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი „ამო“ გამოჩნდა 2001წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით: „სექსი“ და „ორღანი’78“ .

2004 წელს გამოჩნდა ალბომი „სავსე“.ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი რომ“, „აქ ხარ“ და „ნანასი“.

ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით — შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე“ აირჩია.

2006 წლის 25 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში. მოგვიანებით, 2007 წელს, სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა: ჯგუფებმა „33ა“, „მწვანე ოთახმა“, „Outsider“, „ვაკის პარკმა“, „The Young Georgian Lolitaz“, „ზუმბა“ და სხვა შემსრულებლებმა. დისკს „ქაღალდის გემი – Tribute ალბომი“ ეწოდება.

მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე“. შემდგომში მსგავსი სახით გამოჩნდა გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული, „თეთრი ღმერთი“.

მის შემოქმედებაში განსაკუთრებულია პოეზია, განსხვავებული ხედვა სამყაროს მიმართ.

აღსანიშნავია წიგნი “მშვიდი ცურვა”, რომელიც, ერთი მხრივ,წარმოადგენს ირაკლი ჩარკვიანს 43 წლის ასაკში, როგორც ახლად შობილ “მეფეს” და, მეორე მხრივ, გვამცნობს ავტორის გულახდილ მონოლოგს, საიდანაც შეიტყობთ, თუ როგორ ცდილობდა ის საბჭოეთიდან თავის დაღწევას.

კომენტარები