რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომელმა კოტე ხმალაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ძალის გამოყენებით დარბაზიდან გააგდო.

ინციდენტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მოხდა.

„დღეს, გამგეობის შენობაში მცირე დარბაზში რომ შევედი, ძალიან ბევრი ნაცნობი დამხვდა, მივესალმე მათ და ვიკითხე, კოტე ხმალაძე რომელი იყო. ავუხსენი, რომ ერთ–ერთი მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით მასთან გასაუბრება მინდოდა და ვკითხე, რატომ არ იყო ის დაზარალებულთა სიაში. ამან ხმალაძე გააღიზიანა, აგრესიული ტონით მიპასუხა, რომ ვალდებული არ იყო კითხვაზე პასუხი გაეცა და მოითხოვა, ოთახიდან გავსულიყავი, რადგან მისი თქმით, ხელს ვუშლიდი მუშაობაში. მე ვუთხარი, თქვენთან სამინისტრომ გადმომამისამართა მეთქი, თუმცა მან ხელისკვრით გარეთ გამაძევა. ამ პროცესს დაახლოებით 10 თვითმხილველი ჰყავს, გამგეობის და სამინისტროს თანამშრომლები. ამის შემდეგ მე დავბრუნდი სამსახურში, ავიღე კამერა და მერე ისევ გამგეობაში წავედი. ხმალაძისგან მინდოდა კომენტარი, რატომ მოიქცა ასე. ის ჯერ გამგებლის ოთახში ჩაიკეტა, როცა გამოვიდა, მე მას ვკითხე, რატომ მოიქცა ასე. მან ისევ იმ მიზეზით, რომ თითქოს მე კომისიას მუშაობაში ხელს ვუშლიდი, საპატრულო პოლიციაში და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან დარეკა. მას შემდეგ რაც ჩემი კოლეგები მოვიდნენ, ხმალაძემ განაცხადა, რომ მე მას უხეშად მივმართე, დარბაზში შევიჭერი და ა.შ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ხმალაძესთან მე სამინისტრომ გადამამისამართა და არანაირ არაეთიკურ საქციელს ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ვწუხვარ, რომ ახალი მინისტრის პირობებშიც სამინისტროს თანამშრომლები ასე იქცევიან“, – აღნიშნავს გელა მთივლიშვილი.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

„დღეს, დილით, გურჯაანში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ გელა მთივლიშვილსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კონსტანტინე ხმალაძეს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. ჟურნალისტის ინფორმაციით, სამინისტროს წარმომადგენელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ვითარების გარკვევისა და რეაგირების მიზნით, საქმეში ჩაერთო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ ინციდენტს და დადებს შესაბამის დასკვნას. სამწუხაროდ, გელა მთივლიშვილმა უარი განაცხადა შიდა აუდიტის დეპარტამენტთან თანამშრომლობაზე”- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები