ფოთის თეატრის მშენებლობა სავარაუდოდ, შემოდგომაზე დასრულდება. იგეგმება ნიკო ნიკოლაძის კოშკის რესტავრაცია, რომელიც შემდგომ მუზეუმი გახდება. აღნიშნულზე განცხადება ფოთში, კულტურის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ გააკეთა.

კულტურის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ, მაჟორიტარ ეკა ბესელიასა და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ნიკოლაძის კოშკი, მშენებარე თეატრი და კოლხური კულტურის მუზეუმი მოინახულა. მან ფოთის საკათედრო ტაძარი და შსს ახლადაშენებული შენობაც დაათვალიერა.

მინისტრის თქმით, ფოთი დიდი კულტურის მატარებელი ქალაქია და ამ კუთხით არსებული ყველა პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება.

“თუ დინამიკა არ შეჩერდა თეატრის მშენებლობა შემოდგომისთვის ან წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს” – აღნიშნა ოდიშარიამ

მან ქალაქში კულტურულ ცხოვრებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდებსითვის ფოთში კინოთეატრის არსებობა აუცილებელია.

-“ძალიან მნიშვნელოვანია კოშკის რესტავრაცია. ჩვენ მინისტრისგან მივიღეთ თანხმობა, რომ დაიწყება სარესტავრაციო სამუშაოები, რის შემდეგაც კოშკი მუზეუმად გადაკეთდება” – განაცხადა ფოთის მაჟორიტარმა ეკა ბესელიამ.

ფოთში, ნიკო ნიკოლაძის ძეგლს 2005-2006 წწ სარესტავრაციო სამუშაოების ნაცვლად, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, რის გამოც კოშკმა პირვანდელი სახე დაკარგა.

ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოები უსახსრობის გამო დროებით, წინასაარჩევნო პერიოდში შეჩერდა.

თეატრის მშენებლობა ძველი შენობის ეპარქიისთვის გადაცემის შემდეგ 2005 წელს დაიწყო. პრეზიდენტის დაპირებისამებრ ფოთის თეატრის ახალი შენობა 2008 წელს უნდა ქონოდა. მოგვიანებით, სამუშაოების დროულად დაუსრულებლობაა აგვისტოს მოვლენებით ახსნეს და ვადები 2 წლით გადაწიეს.

შენობის დასრულება, ვერ 2010 წელს მოხერხდა. მიმდინარე წელს, ფოთში სტუმრად მყოფმა პრეზიდენტმა თეატრის შენობა დაიწუნა და ფასადში ცვლილებების შეტანა თხოვა. ხელისუფლებას და ფირმას კი, მშენებლობის დასრულებისთვის საბოლოო ვადა 2012 წლის ბოლომდე მისცა.

შენობის გარეშე დარჩენილი თეატრალური დასი უკვე 7 წელია დროებით, კულტურის სახლის მცირე დარბაზშია განთავსებული.

კომენტარები