ზუგდიდში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, მოვაჭრეები აცხადებენ, რომ საქონლის დაკვლა სასაკლაოში მოსთხოვეს, რაც ხარჯებს ზრდის. ამასთან, მათი თქმით, ერთი კილოგრამი ხორცის ექსპერტიზისთვის 40 თეთრი მოსთხოვეს.

“საქონლის სასაკლაომდე ტრანსპორტირება და დაკვლის წინა ექსპერტიზა ხარჯებს საგრძნობლად გაზრდის. შესაბამისად, ბაზარზე ხორცი გაძვირდება და რეალიზაცია გაგვიჭირდება”, – აცხადებენ გაფიცულები.

ამასთან, შპს “სუპერმარკეტის” ვეტექიმი ლია ჯღამაძე აცხადებს, რომ კანონის მიხედვით, საქონელი სასაკლაოზე უნდა დაიკლას, თუმცა მანამდე ქსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. მისივე განმარტებით, მიუხედავათ კანონის მოთხოვნისა, წლების განმავლობაში საქონელი სასაკლაოზე არ იკვლებოდა, თუმცა ბაზარში დაავადებული ხორცის შემოტანის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მისივე განმარტებით, შპს “სუპერმარკეტის” ლაბორატორიაში მსხვილფეხა საქონლის დაკვლასთან დაკავშირებით ექსპერტიზა 8 ლარი ღირს, ღორის ხორცის ექსპერტიზა კი – 5 ლარი.

კომენტარები