ფოთში, კუნძულის უბანში, ზღვის პირას კიდევ ერთი ახალი ტაძარი აშენდება. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას მიერ ადგილობრივ ტკ “მეცხრე ტალღაში” გაკეთებული განცხადების თანახმად, ტაძრის მშენებლობის თხოვნით, მათ მამა კონსტანტინემ მიმართა. ბესელიასთვის ან ადგილობრივი თვითმართველობისთვის მიმართვის ფაქტს, თავად მამა კონსტანტინე არ ადასტურებს.

“გამოითქვა სურვილი, ფოთში აშენდეს ღვისმშობლის სახელობის ტაძარი, მამა კონსტანტინემ მოგვმართა თხოვნით და მალე დავიწყებთ მშენებლობას”- აღნიშნა ბესელიამ, თუმცა, რა სახსრებით დაიწყება ტაძრის მშენებლობა და გამოიყოფა თუ არა თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მას არ დაუკონკრეტებია.

ახალი ტაძრის მშენებლობაზე ბესელიამ გადაცემაში მოქალაქის ზარის შემდეგ ისაუბრა, მოქალაქემ ხობში ტაძრის მშენებლობისთვის, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების ინიციატივით შენდება, ბესელიას დახმარება თხოვა.

თავად მამა კონსტანტინეს განმარტებით, ტაძრის მშენებლობის შესახებ მაჟორიტარისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ და მხოლოდ სიტყვიერად ისაუბრეს. მისი თქმით, ზღვის პირას ღვთისმშობლის შობის ხატის ეკლესიის მშენებლობის იდეა წინა ხელისუფლების პერიოდში გაჩნდა, ტერიტორიაც იმ დროისთვის შეირჩა.

მამა კონსტანტინეს განმარტებით, თუ რა თანხებით დაფინანსდება ტაძრის მშენებლობა, ჯერჯერობით, უცნობია. მისი თქმით, მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და არც შემოწირულობის მიღება დაუწყიათ.

ამ დროისთვის ტერიტორია შემოღობილია და აღმართულია ჯვარი. მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის პირას კი შემოწირულობის ყულაბა დგას.

“ვამზადებთ პროექტს და გვინდა, რომ მშენებლობა უახლოეს ხანში დაიწყოს”- აღნიშნა მამა კონსტანტინემ TSpress – თან საუბრისას.

ფოთის მერის, დავით სარსანიას თქმით, ტაძრის მშენებლობისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არაა.

როგორც ფოთის მაჟორიტარის ბიუროსა და მერიაში განმარტავენ, ტაძრის მშენებლობის შესახებ ოფიციალურად, წერილობითი ფორმით არავის მიუმართავს.

ეკა ბესელიასთან სასულიერო პირები წინასაარჩევნო პარტიულ შეკრებებსა და შემდგომ პერიოდში, ხშირად ჩნდებიან.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ფოთში, “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის კონფერენციის დაწყებამდე, სადაც თავმჯდომარე უნდა აერჩიათ პარტიის წევრები მამა კონსტანტინემ დალოცა.

მამა კონსტანტინე ფიგურირებდა ასევე წინასაარჩევნო პერიოდში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბის ცნობილ კურთხევაში, რომელიც მოგვიანებით ინტერნეტში ბესელიას შტაბის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. ფოთისა და ხობის მეუფე გრიგოლმა, ეს ფაქტი “პოლიტიკური კურთხევად” შეაფასა და მაჟორიტარი და მამა კონსტანტინე ღიად გააკრიტიკა.

„კი ბატონო, აკურთხეთ ეს პარტია, მაგრამ რას ნიშნავს, ინტერნეტში ამის დადება?! ეს ნიშნავს იმას, რომ მამა კონსტანტინე და მთელი სამღვდელოება თქვენს მხარესაა?! არ შეიძლება ამის გაკეთება….

მე მამა კონსტანტინესთან მქონდა ძალიან მკაცრი საუბარი და ვუთხარი რომ, არავითარ შემთხვევაში, სამღვდელოებას არ აქვს უფლება აკურთხოს რომელიმე პარტია და ისიც ვუთხარი, რომ, რაც მან გააკეთა, ეს იყო პოლიტიკური კურთხევა!….დაანებეთ ეკლესიას თავი და ნუ ცდილობთ კათოლიკოს-პატრიარქის სახელით და სამღვდელოების სახელით სპეკულაციას“ – აღნიშნა ქადაგებისას მეუფემ.

აღნიშნულზე კომენტარი, თავად მამა კონსტანტინეს მაშინ არ გაუკეთებია. სასულიერო პირთა დაახლოებული პირები კი TSpress-თან საუბარში აცხადებენ, რომ მღვდელს კურთხევაზე უარის თქმის უფლება არა აქვს, ამიტომაც კურთხევის თხოვნაზე ის მუდამ თანხმდება.

წინასაარჩევნო პერიოდში, ბესელიას საარჩევნო შტაბში, ასევე მეუფე იობის მისვლა და აქტივისტებთან ბოლო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბარი, ბესელიას მხარდაჭერად იქნა მიჩნეული.

წინასაარჩევნოდ სასულირო პირების განსაკუთრებულად გააქტიურებაზე პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა განცხადება. მან ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარის ეზოში პრეზიდენტის ბანერების განთავსების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ სასულიერო პირებს, რომელიმე პოლიტიკური ძალის ღია მხარდაჭერა ეკრძალებათ.

კომენტარები