ფოთის მერიის თანამშრომლებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბიუჯეტის თანხით ტენდერის შედეგად ჩატარებულ უხარისხო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ედავება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ ფოთის სანიაღვრე არხების მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებულ ტენდერებში ერთპიროვნულად იმარჯვებდა მერიის მიერ დაფუძვნებული შპს “ინფრასტრუქტურა 2008.”

ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაოების ჩასატარებლად შპს-ს ჩაერიცხა 1 მლნ 395ათას 927 ლარი. მიუხედავად ამისა, ტენდერის პირობებით გათვალისწინებული სამუშაოები საწარმომ უხარისხოდ და არასრულყოფილად შეასრულა, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოები დოკუმენტაციაში შესრულებულად დააფიქსირა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ დანაშაულებრივი ქმედებით შპს “ინფრასტრუქტურა 2008”-ს დირექტორნა ირაკლი დუნდუამ 104ათას 913 ლარი გაფლანგა, ხოლო საჯარო მოხელეებმა, მათ მიერ საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებით და ფიქტიური მიღება ჩაბარების აქტების გაფორმებით, ხელი შეუწყეს ამ ქმედებას.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილით და 342 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის და დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, პასუხისგბაში მისცა ფოთის მერიის ხუთი თანამშრომელი: ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის ყოფილი უფროსი, დავით კომახიძე, მისი მოადგილე კონსტანტინე ადამია, სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ჯუნა სიჭინავა, განყოფილების უფროსი გიზო ხურცია, ასევე, 100%-იანი სახელმწიფო წილით დაფუძნებული შპს „ინფრასტრუქტურა 2008“ – ის დირექტორი ირაკლი დუნდუა.

კომენტარები