პანტომიმის თეატრის მსახიობები კუთვნილი შენობის დაბრუნებას, ან ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას, უშედეგოდ ითხოვენ. რუსთაველის 37 ნომერში მდებარე, მელიქ აზარიანცის სახლი, რომელშიც უკვე 30 წელია პანტომიმის თეატრია განთავსებული, პრეზიდენტის განკარგულებით, გაიყიდა. შენობა ერთ ლარად „სილქროუდ ჯგუფმა“ შეიძინა.

თეატრის ყიდვის შემდეგ, „სილქროუდ ჯგუფს“ 9 აპრილის ბაღში ე.წ. გლობუსის შენობის ადგილას ახალი თეატრი უნდა აეშენებინა, თუმცა მსახიობებმა მოგვიანებით შეიტყვეს, რომ შენობა აღარ აშენდებოდა. დაპირების მიუხედავად, შენობის დაცლა, ძველ მფლობელებს კომპანიამ 2014 წლის 31 დეკემბრამდე მაინც მოსთხოვა.

საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თეატრის შენობის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების სააგენტოსა და შპს „ახალ ოფისს“ შორის, გასული წლის 8 ოქტომბერს გაფორმდა. ხელშეკრულება საქართველოს პრეზიდენტის 31 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე დაიდო.

ამ ყველაფერს წინ უსწრებდა, თბილისის მერის გიგი უგულავას 9 აგვისტოს დადგენილება, რომლითაც პანტომიმის სახელმწიფო თეატრი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად (ააიპ) გადაკეთდა და მის იურიდიულ მისამართად 9 აპრილის პარკში 919 კვ.მ. მიწის ნაკვეთი განისაზღვრა. ნაკვეთი თეატრს 5 წლის ვადით, უსასყიდლო „უზურფრუქტის“ ფორმით გადაეცა.

როგორც ირკვევა, 2008 წლის აგვისტოში შექმნილი შპს „ახალი ოფისი“ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელიც ყოფილი მხედრიონელი და „ვერის საძმოს“ წევრი, ამჟამად, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალაა“.

„სილქროუდ ჯგუფმა“ თეატრის შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გახმაურების კვალდაკვალ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათ „პანტომიმის თეატრის ფართი და რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ნანგრევები საინვესტიციო პირობებით გადაეცათ. ხელშეკრულება ამ ადგილას არა საცხოვრებელი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.

ამასთან, კომპანიამ პანტომიმის თეატრს მისთვის სხვა ადგილას გამოყოფილი ფართის კეთილმოსაწყობად 100 000 ლარი გადაურიცხა. „სილქროუდ ჯგუფი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შესაბამისი სახელწიფო უწყებების ვალდებულება იყო, პანტომიმის თეატრისთვის ალტერნატიული ფართი გადაეცა,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

1960-1970-იან წლებში საბჭოთა მთავრობას რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის გაფართოების მიზნით, მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული მელიქ აზარიანცის სახლის დანგრევის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა. თუმცა, სახლის ფუნდამენტის, რთული კონსტრუქციისა და მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს იდეა აღარ განახორციელდა.

როგორც თეატრის დამფუძნებელი ამირან შალიკაშვილი გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, შენობის გაყიდვის შესახებ, მას შემდეგ გაიგეს, რაც თეატრის ანგარიშზე მოულოდნელად 100 000 ლარი ჩაირიცხა.

„ჩვენს ზემოთ, მეორე სართულზე შპს „ახალი ოფისია“ განთავსებული. დაახლოებით 1 თვის წინ ჩვენთან უცნობი ადამიანი მოვიდა, ანგარიშის ნომერი გვთხოვა და იმავე დღეს 100 000 ლარი ჩაგვერიცხა. დავინტერესდით, ვინ და რატომ გააკეთა ეს. მოვიძიეთ ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ გაყიდულები ვართ. ეს თანხა უკან გადავურიცხეთ. არ მჭირდება მაგათი 100 000 ლარი. რა უნდა გავაკეთო მაგ ფულით?! 3 ოთახიან ბინასაც ვერ ვიყიდით“ – აცხადებს პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელი ამირან შალიკაშვილი.

შალიკაშვილის თქმით, საქართველოში ხელოვნება და კულტურა ყოველთვის განვითარებული იყო, თუმცა პანტომიმის თეატრი არ არსებობდა, რატომაც დღეს თეატრის შენობის გაყიდვას, ხელოვნებაზე თავდასხმად აფასებს.

„არ შეიძლება ამ თეატრის ხელის ხლება, უამრავი ხელოვანი გაიზარდა აქ. ქართველები ყოველთვის ვცეკვავდით, ვმღეროდით, ლექსს ვკითხულობდით, მაგრამ პანტომიმა არ გვქონდა. ეს კულტურა დამკვიდრებულია უკვე და ამ თეატრთან რა უნდათ?! შენობის გარეშე როგორ უნდა ვიარსებოთ?! ძალიან ცუდ პირობებში ვართ, ამასაც უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ ახლა უცებ ასეთი თავდასხმა, რომ წადი აქედან… სად წავიდე?! „ალექსანდროვის ბაღში“ არაფერი არ არის, მიწაა მხოლოდ და იქ არ მინდა! თუ აშენდება თეატრი, კი ბატონო; ააშენონ და წავალ,“ – აცხადებს ამირან შალიკაშვილი.

თეატრის მენეჯერი მარი ჩაჩანიძე შენობის გაყიდვას აპროტესტებს და აღნიშნავს, რომ მათვის არავის უკითხავს, უნდოდათ თუ არა სხვაგან გადასვლა მსახიობთა ჯგუფს. ჩაჩანიძე უკმაყოფილოა ახალი ხელისუფლებითაც და მწუხარებას გამოთქვამს, რომ მათი პრობლემისთვის ამდრომდე ვერ მოიცალეს.

„პანტომიმის თეატრის შენობა კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტრომ პრეზიდენტის განკარგულებით გაყიდა. ჩვენ არავინ გვკითხა, გვინდოდა თუ არა აქედან გადასვლა. ჩვენ, ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. ახალმა ხელისუფლებამ სამწუხაროდ ჩვენთვის ჯერ, კიდევ ვერ მოიცალა“, – აცხადებს პანტომიმის თეატრის დასის მმართველი და მენეჯერი მარი ჩაჩანიძე.

როგორც ჩაჩანიძე აღნიშნავს, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ მათთან საუბარში თქვა, რომ პანტომიმის თეატრის ბედი გადაწყვეტილია, შენობით სახელმწიფოა დაინტერესებული და ამ გადაწყვეტილების შეცვლა აღარ მოხდება.

„ვიცოდით, რომ ამ შენობას დაგვატოვებინებდნენ, რადგან ზაფხულში იყო ამაზე საუბარი. მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ ქონების მართვის სააგენტოს უფროსთან ჩაგვიყვანა და მასთან გვესაუბრა ამის შესახებ. მაშინ ქაცარავამ გვითხრა, რომ თეატრი ძველ შენობაში აღარ რჩებოდა, რადგან შენობით სახელმწიფო იყო დაინტერესებული,“ – აცხადებს ჩაჩანიძე

მისივე თქმით, იმ შეხვედრისას ამირან შალიკაშილმა ქაცარავას უთხრა, თუ ალტერნატიული ფართი არ იქნებოდა ისეთი, როგორიც თეატრის ფუნქციონირებისათვის იქნებოდა საჭირო, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდნენ გადასვლას.

„როცა თეატრის ანგარიშზე 100 000 ლარი ჩაირიცხა, გაგვიკვირდა, დავინტერესდით – ვინ და რატომ გააკეთა ეს. მოვიძიეთ ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ შენობა უკვე გაყიდულია,“ – აღნიშნავს ჩაჩანიძე.

ამასთან ამბობს, რომ თეატრის ხელმძღვანელობამ უვვე შემოთავაზებული ალტერნატიული ფართი არ მოიწონა, რის შემდეგაც გადაწყდა აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი შენობის აშენება პანტომიმის თეატრისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მერიის 9 აგვისტოს დადგენილების შესაბამისად, 27 აგვისტოს არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირად (ააიპ) დავრეგისტრირდა, რომლის იურიდიულ მისამართად 9 აპრილის ბაღი („ალექსანდროვის ბაღში“ ე.წ. გლობუსის შენობა)განისაზღვრა.

„როდესაც გავიგეთ, რომ სანაცვლოდ „ალექსანდროვის ბაღში“ მდებარე „გლობუსის შენობა“ შემოგვთავაზეს, ამირან შალიკაშვილმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ადგილზე მივედით. იქ იყო მამუკა ქაცარავა, მისი მოადგილე და არქიტექტორები და შენობა ერთად დავათვალიერეთ. ქაცარავამ იქვე უარყო ეს შემოთავაზება და შალიკაშვილს დაეთანხმა, რომ ყოვლად შეუძლებელი იყო მისი რესტავრაცია, რადგან ის შენობაც კი არ არის, ნანგრევებია და საზოგადოებრივ ტუალეტადაა ქცეული.

გადაწყდა, რომ „გოლბუსი“ უნდა დანგრეულიყო და მის ადგილას „პანტომიმის სახელმწიფო თეატრისა და ევროპის პლასტიკის ცენტრისთვის“ ახალი შენობა აშენებულიყო. შენობის პროექტიც არსებობს, რომელიც მერიამ უკვე განიხილა და მოიწონა კიდეც. გვითხრეს, რომ ვინც შენობას შეისყიდდა, ახალსაც ის აგვიშენებდა, თუმცა „სილქროუდ ჯგუფმა“ რატომღაც უარი თქვა და მხოლოდ 100 000 ლარი გადმორიცხა, რაც უკანვე გადავურიცხეთ. – აცხადებს ჩაჩანიძე.

მას შემდეგ, რაც „სილქროუდ ჯგუფმა“ ახალი შენობის აშენებაზე უარი განაცხადა, საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა. თეატრის ხელმძრვანელობაში ამბობენ, რომ ქაცარავამ მათ უთხრა, თბილისი მერი გიგი უგულავა თანხების მოძიებას ახალი ხელისუფლების მოსვლის გამო ვეღარ ახერხებდა.

„ქაცარავამ გვითხრა, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა თანხების მოძიების მიზნით პრეზიდენტს მიმართავდა, თუმცა არჩევნები დაემთხვა, ძველ ხელისუფლებას ძალაუფლება აღარ აქვს და აღარც ახალმა მოგვაქცია ყურადღება. ამირან შალიკაშვილმა თეატრის სახელით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილი ორჯერ მისწერა; აღუწერა ჩვენი მდგომარეობა და დახმარება სთხოვა, თუმცა ორივე წერილი უპასუხოდ დარჩა,“ – განაცხადა ჩაჩანიძემ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი თბილისის საკრებულოშიც გააკეთეს. ფრაქცია, „ქართული ოცნების“ წევრებს, პანტომიმის თეატრის დაჩქარებული წესით გასხვისების გამო კითხვები უჩნდებათ.

„პირადად ჩემში ეს საკითხი კითხვებს იწვევს – რატომ მოხდა ეს ყველაფერი ასე დაჩქარებულად. აგვისტოს თვეში ხდება 2 მოქმედება და შემდეგ ოქტომბერში ფორმდება ხელშეკრულება ქონების სააგენტოსა და „ახალ ოფისს“ შორის და რატომ მოხდა ეს გასაიდუმლოებულად?!“ – აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დამოუკიდებელი საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია.

მისივე თქმით, „მერია, როგორც მინიმუმ, არაეთიკურად მოიქცა და თუკი ამ საკითხს ჩავუღრმავდებით, იურიდიულ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც აქ უამრავი დარღვევა აღმოჩნდება.

„ეს ყველაფერი მიანიშნებს თეატრისადმი მერიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. როგორც ჩანს, ეს ადამიანები თეატრის შენობას განიხილავენ როგორც ჩვეულებრივ ფართს და მეტს არაფერს, რაც ძალიან ცუდია. მესმის, რომ კომპანიას საკუთარი ბიზნეს-ინტერესები აქვს, მაგრამ ამ პროცესში თეატრს პრობლემები არ უნდა ექმნებოდეს.

არ შეიძლებოდა თეატრის შენობა რიგითი ფართის დონეზე განხილულიყო. გარდა ამისა, მერია ვალდებული იყო, თეატრისთვის ალტერნატიული ფართი გამოეყო. ალტერნატიული ნიშნავს იმას, რომ ის სრულფასოვანი უნდა იყოს და იმ გარემო პირობებს ემთხვეოდეს, რომელშიც თეატრი ამ მომენტში საქმიანობს. როგორც მინიმუმ, ისეთივე უნდა მიეცეს, თუ უკეთესი არა.

ამასთან, უნდა დაემატოს ფინანსური კომპენსაცია, რადგან თეატრის სურვილი არ ყოფილა შენობიდან წასვლა, არავისთვის არაფერი არ უთხოვია, მუშაობდა და შენობაც ჰქონდა,“ – განაცხადა გაბუნიამ.

მერია ამ საკითხის შესახებ კომენტარზე უარს აცხადებს. გამოცემა ვერც კულტურის სამსახურის უფროს მამუკა ქაცარავას უკავშირდება, რადგან იგი ტელეფონს არ პასუხობს.

კომენტარები