24 მარტს ჯგუფ Машина времени-ის შემქმნელი და ლიდერი ანდრეი მაკარევიჩი თავის მეორე ბენდთან Джазовые трансформации გრიბოედოვის თეატრში ჯაზ-პროგრამით წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე. გუშინ კი მოინახულა ადგილები, სადაც ბოლოს 20 წლის წინ იყო მეგობრებთან ერთად.

„რუსული როკი იმით განსხვავდება ზოგადად როკისგან, რომ მას არაპროფესიონალები აკეთებენ. რუსულ როკს არასდროს ყოლია ისეთი მსოფლიო დონის მომღერალი, როგორიც არის ვთქვათ, პლანტი ან პეიჯი.

არაპროფესიონალიზმის დასაფარავად ტექსტებზე გაკეთდა აქცენტი და ის ჩამოყალიბდა ისეთი, როგორიც ახლა არის“ – მითხრა ანდრეი მაკარევიჩმა ის, რაზეც ზოგადად ბევრჯერ გვიდავია მეგობრებს – რუსული როკი არის თუ არა როკი, და ზოგადად, რა არის მუსიკა – ძირითადად ტექსტი თუ ძირითადად ინსტრუმენტალი, რომელიც ნაწარმოებს განაპირობებს შემდეგ.

ეს არ არის ცუდი, თუკი თავისი სისუსტე რაღაც ისეთით ჩაანაცვლა ან ისე გამოიყენა მუსიკოსმა რომ მასზე (სისუსტეზე) აქცენტს მომხმარებელი არ აკეთებს, რადგანაც ვერ ამჩნევს. მაილს დევისს სუსტი ფილტვები ქონდა და გრძელ ბგერას ვერ უკრავდა. ამან დიდად განაპირობა დევისის ბგერის უნიკალობა და დაკვრის მანერა, რომელსაც ათასი ტრუბადან გამოარჩევ.

„მე არ მომწონს მაილს დევისი, ჩემი არ არის, ან ჩემთვის ძალიან ცივია. მე უფრო 40-იანი წლების ჯაზს ვანიჭებ უპირატესობას. მნიშვნელობა არა აქვს ინსტრუმენტალური იქნება თუ ვოკალური“ – ის წინ ზის, მძღოლის გვერდზე. ღვედი გადაჭერილი აქვს (ამ პროცესზე ყოველთვის ავარიების სტატისტიკური მონაცემი მახსენდება, რომლის თანახმადაც ავარიებში გარდაცვლილების 30% გადარჩებოდა მათ რომ არ ქონოდათ ღვედი. მაგრამ რადგანაც კანონი გვაიძულებს მის გაკეთებას, ეტყობა შესაბამისი სამინისტრო იმასაც გვპირდება, რომ იმ 30 %-ში ჩვენ არ მოვხვდებით).

გუდაურში მივდივართ და საშიში გზების მიუხედავად 120-130 კილომეტრ საათით მიცდივართ.რამდენჯერმე ვთქვი, ჩქარა მივდივართ მეთქი, მაგრამ ჩვენს მანქანაში გადამღები ჯგუფი ზის და ანდრეი მაკარევიჩის მანქანას მივყვებით. საჭესთან კახა ზის – Машина времени იყო ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც 70-იან წლებში ვუსმენდით და დღემდე ერთადერთ რუსულ ჯგუფად რჩება, რომელსაც ვუსმენო. ისიც ჩემსავით არის – ამ სიტუაციაში შემთხვევით მოხვედრილი – მეგობარმა („ღია კარის დღის“ პროდიუსერმა) სიურპრიზი გაუკეთა და გადაღემაზე წამოიყვანა, რომ გაეცნო მაკარევიჩი. მეც წინა დღეს დამირეკა – ხომ გინდოდა მაკარევიჩთან ინტერვიუს გაკეთება, და მიხედე ახლა საქმესო.

ცხადია, მივხედე – მასალები მოვიძიე, ჩავინიშნე ძირითადი მომენტები (ამ ჩანიშვნებს როგორც წესი, ვაკეთებ, თორემ არ ვიყენებ – საკუთარ ნაწერს ხშირად ვერ ვკითხულობ) და ვემზადები მაკარევიჩთან შესახვედრად. ცოტას ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ის ახლა ჩემთვის იმ ფირფიტის გმირია, რომელსაც ბავშვობაში წლები ვუსმენდით მე და ჩემი ძმა.

გუდაურში პირველად ვარ. სამი მანქანით მივდივართ. ჯერ მაკარევიჩის აუშენებელ ფართს ვნახულობთ, რომლიც ახალ გონდოლასთან მდებარე მთაზეა. ალბათ, ეს ყველაზე ლამაზი ადგილია. მაკარევიჩის ოთახის კედლებიც არ არის ჯერ ამოყვანილი. ოთახი მეორე სართულზეა და დაახლოებით 35-40 კვადრატული მეტრი. Превосходно – ამბობს და იღიმის.

მე ჯერაც მგონია, რომ ეს სტუმრის ღიმილია – ინტერვიუებში ყოველთვის თავშეკავებულად გაღიზიანებული მეჩვენება, ამიტომ მგონია, რომ უხეში იქნება ურთიერთობებში.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სამი ოფიციალური ცოლი და რიგგარეშეც რამდენიმე ყავდა, ასევე იმას, რომ იურა შევჩუკს რამდენჯერმე წაკბინა, თითქმის დარწმუნებული ვარ მის სიხისტეში.

„აქ ბოლოს 20 წლის წინ ვიყავი მეგობრებთან ერთად. მას შემდეგ იმდენი რამ შეცვლილა, აქ თითქმის ევროპაა. მომწონს და ამიტომაც ვყიდულობ ბინას. ცოტა არასასიამოვნო მომენტია ის, რომ გცნობენ და ეს დამღლელია. ყველა ვარიანტში გცნობენ, თუნდაც ულვაშები მიიკრა.“

– გონდოლას ველოდებით, რომ სასრიალო მთაზე ავიდეთ. რიგია. ურიგოდ წასვლა რომ ვითხოვეთ, ერთმა (თითქმის „ძველმა ბიჭმა“) ხმამაღალი პროტესტი გამოთქვა, მაგრამ მაინც დაგვითმო. სასრიალო ტრასა ორი კილომეტრი და 700 მეტრია. წარმომიდგენია მთის და თოვლის ეს ექსტრიმი როგორი სასიამოვნოა. გზაში არავინ ვლაპარაკობთ. ან, რამდენიმე წინადადება ითქვა წესისთვის. აქ ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ წესით მართლა არ უნდა ილაპარაკო.

სტუმრიან-მასპინძლებიანად სანამ აღფრთოვანების შორისდებულებს წარმოვთქვამდით გადათოვლილი მთებით და პატრიოტიზმით შეძრულები, ახალგაზრდა ბიჭი გამოექანა, ცალი ყურიდან მოიძრო ყურთსაცვამი და მაკარევიჩს დაუკითხავად გაუკეთა – Сматрите что я слушаю. Вы, вы прекрасный музыкант и я вас обожаю. უთხრა და სასწრაფოდ გაშორდა. სტუმარი, ცოტა რა იყოს მოულოდნელობისგან შეცბა, მერე გაიღიმა და მაშინათვე მასთან სურათის გადაღების მსურველთა რიგს გადახედა. ჩემდა გასაკვირად ძალიან ბევრი რუსი იყო. მალე გავტრიალდით.

გზაში ვეკითხები ბეჭდებზე, რომელიც უკეთია. ერთი მამაჩემის ნაქონია, რომელიც მისმა მამამ აჩუქაო, მეორე კიდევ ავგაროზია, რომელსაც ბევრი დადებითი თვისება აქვსო. რა თვისებები მეთქი და მეტს ვერ გეტყვიო (თუ მეტის ცოდნა არ არისო საჭირო). პეპლებზე ვეკითხები, რომელის კოლექციასაც აგროვებდა ახალგაზრდობაში. მეგობარს ვაჩუქეო. მერე საჭმელებზე ჩამოვარდა საუბარი და „Смак“-ი მახსენდება. მისი საავტორო კულინარული გადაცემა, რომელიც ძალიან პოპულარული იყო.

„გადაცემა არსებობს ახლაც, მაგრამ მე არ მიმყავსო“. დღემდე ფანტია ბრინჯს მაკარევიჩის რეცეპტით ვაკეთებ. ვეუბნები. ვიცინით. ყველას გვშია და მასპინძლები სამშენებლო კომპანია red.co-დან ანანურში გვეპატიჟებიან. „ეს ისეთი მაცთუნებელი წინადადებაა, დაჯდე ქართულ სუფრასთან, რომ უარის თქმა არ შემიძლიაო“. რესტორნიდან ხედი არაჩვეულებრივია, მაგრამ აქ ისეთი ადგილებია ცუდ ხედს რომც მოინდომო ვერ იპოვი.

ბექა (ოპერატორი) მიხსნის, რომ ცოტა ზევით თეთრი და შავი არაგვი უერთდება ერთმანეთს და რომ თოვლის დნობის შემდეგ მდინარე ზოგჯერ ვერ ეტევა კალაპოტში. ტიციან ტაბიძის ლექსი მახსენდება, მაგრამ მისი ხმამაღლა წაკითხვა, ჩემი სენტიმენტების აფიშირება იქნება და ჩუმად ვარ.

სუფრა თამადას ირჩევს. დიდი ხანი არ ვაპირებთ აქ დარჩენას – ორ საათში იუსტიციის სახლში უნდა ვიყოთ – სტუმარმა ბინა დღეს უნდა გადაიფორმოს. ამიტომ, ყველაფერი მობილურად ხდება – სმაც და ჭამაც. ხინკალზე ზუსტად ისეთი რეაქცია აქვს მაკარევიჩს, როგორიც ყველას – სიამოვნებისგან რომ ვიშვიშებ.

მე ხინკალზე ჩემი მეგობარი ლადო ბურდული მახსენდება – პირველად ერთად რომ ვჭამეთ ხინკალი (მე ჩანგლით დავიჭირე და წვენი გამოვუდინე), დამპირდა, ეს იქნება ბოლო ჯერო და სხვა დროს ჩემთვის ხინკალი მართლაც არასდროს შეუკვეთია. ოპერატორებმა პირველი სადღეგრძელოს თქმა და ხინკლის ჭამა გადაიღეს. მე მგონია, რომ ეს მთლად ესთეტიური არ არის, მაგრამ საქმე საქმეაო ნებისმიერ მდგომარეობაში.

იგივე ლოზუნგით უკვე მე ვხელმძღვანელობდი, როცა თითქმის ნახევარლიტრა ჭაჭა დალეულ მაკარევიჩს გადავუსხედით მანქანაში ინტერვიუს ჩასაწერად. დიალოგი დავიწყეთ იმით, რაც მე ძალიან მაინტერესებდა – რატომ უნდოდა გველების სპეციალისტი გამოსულიყო ბავშვობაში.

კითხვაზე არ მპასუხობს, მაგრამ მეუბნება, რომ მიმდინარე მომენტში ყავს გველი, რომელიც იწონის 40 კილოს და ის მას სიამოვნებით უვლის. ძალიან ლამაზიაო. დიდი ხანი ვილაპარაკეთ. იმდენად დიდი ხანი, რომ ჩვენთან ერთად ოპერატორიც დაიღალა და მაკარევიჩის მასპინძელი გოგონაც. ამიტომ, როცა გავჩერდით, რომ ჩვენს მანქანაში გადავმჯდარიყავით, ყველამ ერთად ამოვისუნთქეთ.

ყველაფერზე მინდოდა მელაპარაკა – მუსიკალური პროექტებიდან დაწყებული ხადარკოვსკით დამთავრებული, რომელზეც მან თქვა, რომ „ხადარკოვსკის საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი და ეს საქმე არის რუსეთის მიმდინარე სირცხვილი. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ხადარკოვსკი უდანაშაულოა, მაგრამ ამასთანავე არ შეიძლება ერთი ადამიანი რამდენჯერმე გაასამართლო და ასე მოექცე “ .

გახმაურებულ სასამართლოზე რუსული ფემინისტური პანკ ჯგუფი PUSSYN RIOT-ი მახსენდება, რომლებმაც ტაძარში ნიღბებიანებმა „პანკური ლოცვა“ ჩაატარეს. ფაქტმა საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია, გოგოები დააპატიმრეს, სასამართლოზე ორი წელი ჩვეულებრივი რეჟიმის კოლონიაში ყოფნა და ორი წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.

ამ ინციდენტს საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა და არაერთგვაროვნად შეფასდა. ზოგი ამბობს, რომ ისინი სინდისის პატიმრები არიან, ზოგი კი თვლის, რომ რწმენას პატივი უნდა სცე და ეკლესიაში მისთვის შეურაცხმყოფელი მოქმედებები არ უნდა ჩაიდინო.

მაკარევიჩი ფაქტის კომენტირებისას ამბობს, რომ პანკი გოგოები არ მოიქცნენ სწორად, მაგრამ ამის გამო მათი დაკავებაც არ იყო მიზანშეწონილი „რომ არა მასმედია ეს ყველაფერი მხოლოდ იმ ოცი ადამიანისთვის იქნებოდა ცნობილი, ვინც მას შეესწრო.“

როგორ ფიქრობთ, მუსიკას ეთიკა უნდა გააჩნდეს-მეთქი. ეთიკა უნდა გააჩნდეს ყველაფერს, მათ შორის მუსიკას – ამბობს მაკარევიჩი. ყველაზე ბოლოს მის მუსიკალურ პროექტებზე ვსაუბრობთ. მას სამი ბენდი ყავს – Машина времени, Оркестр креольского танго და Джазовые трансформации.

ორ უკანასკნელში ჯაზს უკრავს. Машина времени ახალ ალბომზე მუშაობს. მომდევნო ექვსი თვის გასტროლები გაწერილია. საქართველოში კონცერტით ჩამოვა მაშინ, როცა კიდევ მოიწვევენ, დასასვენებლად კი იანვარ-თებერვალში ეწვევა საკუთარ სახლს მეგობრებთან ერთად.

მაინტერესებს, რუსეთში ჯგუფებს შეუძლიათ თუ არა მხოლოდ საკონცერტო ჰონორარით იარსებონ. „მე კონცერტების გარდა მაქვს სხვა პროექტები: სატელევიზიო სტუდია, რომელიც რამდენიმე გადაცემას აკეთებს, ვხატავ და ჩემი ნახატები იყიდება, ასევე ვიბეჭდები სხვადასხვა გამოცემაში. ის შემოსავალი, რაც მაქვს, მე სრულებით მყოფნის“- მეუბნება.

დიალოგი ისეთი სასიამოვნოა, რომ არ მბეზრდება, მაგრამ უკვე დროა დამშვიდობების და ოპერატორთან ერთად ისევ ჩვენს მანქანაში გადავდივართ. მე და კახა (რომლის მანქანითაც დავდივართ) დღეს დიდ და კარგ გაუგებრობაში მოვყევით და ამაზე ვიცინით. მეგობრებს ნამდვილად შეუძლიათ ისეთი სიურპრიზები მოგიწყონ, რომ მთელი ცხოვრება გემახსოვრება.

იუსტიციის სახლში მუსიკოსს ბევრი ჟურნალისტი დაეხვა თავს და დავემშვიდობეთ. ვიღაცამ თქვა, მიხარია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები აღდგაო ისევ. პასუხად მიიღო – ურთიერთობები კი არ აღდგა, მაგრამ ჩვენს ოკუპაციას ახლა ფარულად განაგრძობენ – უძრავ ქონებებს იძენენო. გული მწყდება, რომ მაკარევიჩთან ფოტო ვერ გადავიღე და ვერ ვუთხარი, რომ გამიხარდა ეს დღე. ისე, კი ბოლო დროებია, სურვილები მისრულდება და დროა დავიწყო მათი გაფილტვრა.

კომენტარები