შსს-ს განცხადებით, ვიდეოკონტროლის მიერ გადაღებული მასალა 28 მარტს, 10:40 საათზე მომხდარ ფაქტს სრულად ასახავს.

-“ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ დაარღვია “მერსედესის” მარკის ავტომანქანის მძღოლმა როინ ფარტენაძემ საგზაო მოძრაობის წესები და “ტოიოტას” მარკის ავტომანქანას, რომელსაც ვალერი თელია მართავდა, ავარიული სიტუაცია შეუქმნა.

ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

აღნიშნულ ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია იკვლევს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კადრებში შეხლა-შემოხლის ამსახველი კადრები არ ჩანს.

დღეს, ინციდენტის ადგილთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ობიექტის, “ბათუმის სახლის”მფლობელმა საბირ ნურუევმა განაცხადა, რომ ინციდენტის ამსახველი მასალა ვიდეოთვალის ჩანაწერიდან წაშლილია.

მისი თქმით, ვიდეოკონტროლის კამერა ერთი თვის ჩანაწერს ინახავს, თუმცა ინციდენტის ამსახველი კადრები მათ კამერაში არ მოიპოვება.

როგორც ობიექტის მეპატრონე ამბობს, დღეს დილით, 12 სთ-ზე მასთან სამოქალაქო ფორმაში გადაცმული რამდენიმე პირი მივიდა და სთხოვა, რომ ეჩვენებინათ ვიდეოკონტროლის კამერის ჩანაწერი, რის შემდგომაც აღმოჩნდა, რომ წუხელ, 24სთ -დან დღეს, დილის 12სთ – მდე არსებული ჩანაწერი წაშლილია.

საიას ბათუმის ოფისის იურისტის გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, ინციდენტის ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ყველა კადრი, ზოგმა ნებით წაშალა, ზოგთან კი, პატრულის თანამშრომლებმა თვითონ წაშალეს. მისი თქმით, ამას ადასტურებენ დაწესებულებების თანამშრომლები.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის ინციდენტი მოხდა.

საია-ს იურისტის გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, ქუჩაში მოძრაობისას აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.

საია-ს მძღოლის როინ ფარტენაძეს თქმით, კი პოლიციის უფროსმა მისი მანქანაში ჩასმა სცადა, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია მომხდარს დადგმულ პროვოკაციად აფასებს.

მომხდარ ინციდენტზე დღეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ განცხადება გააკეთა და პოლიციის მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

კომენტარები