საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი შს მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბათუმის ინციდენტის შესწავლისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენი ითხოვს შსს გენერალურმა ინსპექციამ დაუყოვნებლივ ამოიღოს „ბათუმის სახლში“ არსებული ვიდეო ჩანაწერი და უზრუნველყოფილ იქნას სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების გატარება.

“გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ინციდენტის ახლოს მდებარე ოფისის „ბათუმის სახლის“ მფლობელი საბირ ნურიევის განცხადებით, მასთან მივიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებმაც წაშალეს ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, დღემდე „ბათუმის სახლში“ არსებობს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების შენობიდან გამოსვლის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც იძლევა საშუალებას, დადგენილ იქნას ვის მიერ იქნა განადგურებული ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა.

საიას წარმომადგენელთა განცხადებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ამავე დღეს, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები, რომელთა შორისაც ამოცნობილ იქნა თავად ის პირი, რომელიც ფიქსირდება ვიდეო ჩანაწერზე, კერძოდ, ქ.ბათუმის მე-2 განყოფილების უფროსი, გიგლა მოსიძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში „ბათუმის სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მათთან ერთად იმყოფებოდა”- აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, აჭარის პოლიციის უფროსს, ვალერიან თელიასა და საიას თანამშრომლებს შორის ინციდენტი მოხდა.

კომენტარები