ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ძმასთან ერთად დაჭერილი ვლადიმერ დოლიძის ოჯახი განაჩენის გადახედვას ითხოვს.

სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ცოლისძმასთან – მიხეილ ჟორჟოლიანთან ერთად, სამი წლის წინ დაკავებული 24 წლის ვლადიმერ დოლიძე, რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

მისი ოჯახი წინა ხელისუფლების სასამართლო სისტემას შერჩევით სამართალში ადანაშაულებს და სახელმწიფოსთან დავას სტრასბურგის სასამართლოში აგრძელებს.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა პროკურატურას განაჩენგამოტანილი საქმის გამოძიების წარმოების ბერკეტი არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის აპრილში, ვაკეში მომხდარი ქუჩურ გარჩევის დროს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, სამართალდამცველებმა მიხეილ ჟორჟოლიანი და მისი 3 მეგობარი დააკავეს. რაც შეეხება დოლიძეს, რომელიც ოჯახის განცხადებით, ჩხუბს შემთხვევით შეესწრო, მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანანოდ ტარების ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ, ჟორჟოლიანი – ცოლის ფეხმძიმობის, დავით ბენიძე – ფეხში ფრჩხილის ჩაზრდის, კონსტანტინე ჩაჩავა – შაქრიანი დიაბეტის, ხოლო ირაკლი ღლონტი „ცე“ ჰეპატიტის მიზეზით, სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თუმცა, მათი პროცესი დღემდე არ შემდგარა. დოლიძის საქმე კი სასამართლომ ცალკე საქმედ გამოყო.

ოჯახი სიმართლის დამტკიცებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს და აცხადებს, რომ უკან არ დაიხევს. ამასთან, ახლო მომავალში სასამართლოში მართლმსაჯულების ხარვეზების აღმომფხვრელ კომისიას განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს.

ვლადიმერის მამა, შალვა დოლიძე TSpress.ge-სთან საუბრისას საქმის დეტალებს ყვება. მისი თქმით, შემთხვევის ადგილს ვლადიმ მეუღლესთან ერთად მანქანით ჩაუარა და რადგან მოჩხუბრებში ნაცნობ-მეგობრები ამოიცნო, მანქანა გააჩერა და გადავიდა. 9 დღის შემდეგ ვლადი პოლიციამ სახლში დააკავა.

შალვა დოლიძე გამოძიების სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ საქმეში არსებულ სასამართლო აქტებში ბევრი შეუსაბამობაა.

საქმის მასალებში, რომელიც TSpress.ge-ს ოჯახმა მოაწოდა, ნათქვამია, რომ „2010 წლის 19 აპრილს, მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ, პროკურორ აპოლონ დანელიას შუამდგომლობით, ვლადიმერ დოლიძესა და კიდევ სამ ბრალდებულს – ალექსანდრე ვეფხვაძეს, გივი ქუთათელაძეს და რატი ჯაიანს დაუსწრებლად დაკავებისთანავე დაპატიმრება შეუფარდა.“

თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უსწრებს 2010 წლის 18 აპრილით დათარიღებული დადგენილება პასუხისგებაში მიცემის შესახებ ხელს აწერს დოლიძე, რომელიც მეორე დღეს დააკავეს.

დოლიძის ოჯახი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ საქმის გარშემო გამოძიება არ ჩატარებულა, ხოლო პროკურორი დოლიძისთვის დაპატიმრების შეფარდებისას სხდომაზე არც კი იმყოფებოდა. მოგვიანებით, პროკურორმა დანელიამ აღიარა, რომ აღნიშნულ სხდომებს მართლაც არ ესწრებოდა.

ოჯახის მიერ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებულ 2010 წლის 4 მაისის დადგენილებაში ნათქვამია, რომ „სასამართლო იზიარებს დამცველის შენიშვნას პროკურორ ა.დანელიას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში იგი არ ესწრებოდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და დადასტურების თაობაზე გამართულ სხდომებს“.

შალვა დოლიძე აცხადებს, რომ დარღვევების მიუხედავად, სასამართლომ საქმის განხილვა სრული იგნორის ქვეშ გააგრძელა. საბოლოოდ, ერთი და იმავე დანაშაულისთვის დაკავებულებიდან დოლიძის გარდა ყველა გაათავისუფლა.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ ვლადი შერჩევითი სამართლის მსხვერპლი გახდა.

„წინა ხელისუფლების პრინციპი იყო, ვისაც ვერ დაიმონებდნენ, ყველას მტრად მოიაზრებდნენ. ჩემს შვილს ცხოვრება წაართვეს, საუკეთესო წლები ციხეში გაატარებინეს. ოჯახს ჯანმრთლობა შეგვირყიეს,“ – ამბობს დოლიძის დედა მარიკა დოლიძე.

ამასთან, ოჯახი 2005 წელს ბახმაროში მომხდარ შემთხვევასაც იხსენებს, რა დროსაც მამა-შვილი დოლიძეები უკანონო გასროლის ბრალდებით დააკავეს.

„2005 წლის 19 აგვსიტოს, ბახმაროში გამართულ დოღში ვმონაწილეობდით. იმ წელს ვლადმა უნივერსიტეტი დაამთავრა. დოღის შემდეგ მოხდა 60 ტყვიის გასროლა. მამა-შვილი გასროლის ბრალდებით დაგვაკავეს. სინამდვილეში სხვამ გაისროლა და ამის დამასდტურებელი ვიდეო-კადრებიც არსებობს,“ – ამბობს დოლიძე.

მისივე თქმით, დაკავებული მამა-შვილი ჯერ რუსთავის ციხეში მოათავსეს, მოგვიანებით კი შვილი ქუთაისში გადაიყვანეს.

„ციხის კადრები რაც ნახეთ, ეგ არაფერია იმასთან შედარებით, რაც იქ ხდებოდა. ქუთაისის ციხეში ჩემი შვილი მორიელებმა დაკბინეს, ძლივს გადაარჩინეს. მე შაქრიანი დიაბეტი მაქვს და ოთხი დღე ინსულინს არ მიკეთებდნენ. არადა, მეხუთე დღეს ადამიანი კვდება. საქმე სტრასბურგში გავასაჩივრეთ. სტრასბურგმა ქართულ მხარეს მოსთხოვა, რომ 16 მაისამდე გავეთავისუფლებინეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზომებს მიიღებდნენ.

ამიტომ, 2 მაისს, შუაღამისას, სასწრაფოდ მოიწვიეს ექსპერტები და ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით, ციხიდან გამათავისუფლეს. ნერვიულობის ნიადაგზე ინფარქტი მივიღე.

გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ჩემი შვილი 2 წელი და 6 თვე იჯდა. საშინელი დეპრესიით გამოვიდა. ძლივს გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან და ერთ წელში „ჟორჟოლიანის საქმეზე“ ისევ დაიჭირეს“ – განუცხადა TSpress.ge-ს შალვა დოლიძემ.

კომენტარები