2013 წლის 17 აპრილს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, არაგეგმური მონიტორინგი განახორციელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში. მონიტორინგის დროს მონახულებული იქნა 75 მოშიმშილე უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი. მსჯავრდებულებს პრეტენზია არ განუცხადებიათ N8 დაწესებულებაში მათ მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით.

ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, ვინაიდან ამნისტიის კანონმა ყველა მსჯავრდებულს შეუმსუბუქა სასჯელი, გარდა უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისა.

უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები განსაკუთრებით აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონში დაზუსტებული არ იყო, ეხებოდა თუ არა იგი უვადო პატიმრებს, მათ მოუწიათ სასამართლოს წინაშე წარდგომა, რათა სასამართლოს ფორმალურად ემსჯელა მათი სასჯელის ¼-ით შემცირებაზე და საბოლოოდ ისევ უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გარდა ამისა, ზოგიერთი მსჯავრდებული, ასევე ითხოვს მათ მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვას.

მსჯავრდებულთა ნაწილმა აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნები არასწორად იქნა გაჟღერებული მედიაში, რადგანაც მათივე თქმით, პაემნებისა და ამანათების საკითხი მათთვის ამ ეტაპზე არ არის აქტუალური.

მსჯავრდებულები ითხოვენ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას.

***

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სახალხო დამცველის აპარატიდან გაეგზავნა წერილობითი მოსაზრებები ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ კანონპროექტის მე-6 მუხლში, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის შემცირებას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, დაკონკრეტებულიყო, შეეხებოდა თუ არა კანონის ეს დისპოზიცია უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებს და რა სახით. სახალხო დამცველის მიმართვა ასევე ითვალისწინებდა კანონპროექტში იმგვარი ცვლილებების შეტანას, რომლებიც მსჯავრდებულებს არ ჩააყენებდა არათანაბარ პირობებში. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის შენიშვნები არ ასახულა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც დღეს უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირთა უკმაყოფილების მიზეზი გახდა, ვინაიდან მსჯავრდებულთა ეს კატეგორია ერთადერთია, რომელსაც არანაირი სახით არ უსარგებლია ამნისტიის ჰუმანური აქტით.

კომენტარები