წიგნის მაღაზიათა უმრავლესობა აქციას სახელწოდებით – „წიგნის დღე – წიგნის გარეშე“ არ შეერთებია და ჩვეულ რეჟიმში მუშაობდნენ.

მათ შორისაა, მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, ალ. ყაზბეგის #42-ში მდებარე წიგნის მაღაზია „სამშობლო“, ასევე ღია დაგვხვდა კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე წიგნის მაღაზიები. ერთადერთი მაღაზია, რომელიც დღეს დახურული იყო – „პარნასია“.

მაღაზია „სამშობლოს“ დირექტორი ქალბატონი მანანა (გვარი არ გვითხრა-ავტ.) Tspress-თან აცხადებს, რომ მაღაზიას ვერ დაკეტავდა, რადგან შენობაში საკანცელარიო მაღაზიებია განთავსებული – „მაღაზიას ვერ დავხურავდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამომცემლებს სოლიდარობას არ ვუცხადებ.

ისე, ახლა რომ ატყდა ერთი ამბავი…შარშან განათლების სამინისტროსგან მოგვივიდა ბრძანება და სასკოლო წიგნების გაყიდვა აგვეკრძალა. სეზონის დაწყებას ველოდებოდით და ხომ წარმოგიდგენიათ, უცებ ვიგებთ, რომ სასკოლო წიგნებს ვეღარ გავყიდით. ძალიან კარგია წიგნები რომ უფასო იქნება, მაგრამ ამან სხვები არ უნდა აზარალოს.“

მაღაზია „ბიბლუსში“ გვითხრეს, რომ ამ აქციას არ უერთდებიან, თუმცა გამომცემლებს მხარდაჭერას სხვა ფორმით უცხადებენ. „ბიბლუსი“ ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს – “წიგნის მაღაზიათა ქსელი “ბიბლუსი” მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, უფასოდ დაარიგოს სასკოლო სახელმძღვანელოები.

ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ ეს უდაოდ დადებითი ცვლილება ავტორებისა და გამომცემლობების უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს, პატივი სცეს საავტორო უფლებებს და, უფასო სახელმძღვანელოების დარიგებასთან ერთად, გამომცემელთა და ავტორთა სამართლიანი ინტერესებიც გაითვალისწინოს.“

შეგახსენებთ, რომ წიგნის დღესთან დაკავშირებით, გამომცემლების სოლიდარობის ნიშნად აქცია „წიგნის დღე – წიგნის გარეშე იგეგმებოდა“, თუმცა აქცია წიგნის მხოლოდ ზოგიერთი მაღაზია შეუერთდა.

კომენტარები