სამართალდამცავებმა ჟურნალისტი, „ლიბერალის“ ერთ–ერთი რედაქტორი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ირაკლი აბსანძე დააკავეს. ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროში განუცხადეს, ირაკლი აბსანძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ნარკოტიკების შეძენა შენახვა გადატანას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი აბსანძეს საფრანგეთიდან მეგობარმა ამანათი გამოუგზავნა, რომელშიც მარიხუანა აღმოჩნდა. აბსანძე ამანათის გახსნამდე დააკავეს. გადამოწმებული ინფორმაციით, მას ამანათში ნარკოტიკის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, ამანათის წასაღებად კი ფოსტიდან რამდენჯერმე დაურეკეს.

სავარაუდოდ, თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. ამ დროისთვის ირაკლი აბსანძე დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ირაკლი აბსანძე საპარლამენტო არჩევნებამდე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურში რეგიონების პროდიუსერად მუშაობდა.

ick.ge

კომენტარები