ბელქანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 128-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც ქურდობასა და განსაცდელში მიტოვებას ითვალისწინებს. ბელქანია ამ დროისთვის, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 მაისსაა ჩანიშნული.

„არავითარი მტკიცებულება გამოძიებას არ გააჩნია, მათ შორის არც დანაშაულის იარაღი დანა არაა ამოღებული. მე მივმართე საპატრულო პოლიციას, „პროკრედიტ ბანკსა“ და სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებში განთავსებული სათვალთვალო ვიდეო-კამერებიდან ჩანაწერების ამოღების თაობაზე, რათა გაგვერკვია, თუ რა მოხდა სინამდვილეში. საპატრულო პოლიციამ გვიპასუხა, რომ დამონტაჟებული ვიდეო-კამერებიდან, არცერთი არ მუშაობსო.

ამის შემდეგ, მოვიძიე მოწმეები. ერთ-ერთი მოწმე ნუკრი ხაფავა ჩვენებაში ამბობს, რომ მასზე პოლიციაში ზეწოლა ხორციელდებოდა, თითქოსდა მან ნახა ნექტარ ბელქანიამ, როგორ დაჭრა დათო ქვარაია,“ – აღნიშნა ადვოკატმა TSpress-თან საუბრისას და დასძინა, რომ ამის მიუხედავად, თუ ექსპერტი მის ტანისამოსზე სისხლის კვალს აღმოაჩენს, შესაძლოა, მას ბრალი გადაუკვალიფიცირდეს და ნაცვლად ქურდობის მუხლისა, სხეულის განზრახ დაზიანებისა და მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლდეს.

მისივე თქმით, ნექტარ ბელქანია დანაშაულის ჩადენის ღამეს ბულვარში იმყოფებოდა და არის თვითმხილველი. ხოლო დანაშაული სულ სხვა პიროვნებამ ჩაიდინა, რომელიც გაქცეულია. ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის დამნაშავის ვინაობა ცნობილია.

საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია იძიებს. როგორც გამომძიებელმა ირაკლი გვასალიამ TSpress-თან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე ის დასკვნას ელოდება, რის შემდეგაც ნექტარ ბელქანიას დამატებითი ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის უნდა წაეყენოს.

„ახლა ველოდები ექსპერტიზის დასკვნებს, რის შემდეგაც სავარაუდოდ, დამატებითი ბრალი უნდა წავუყენოთ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ამის შემდეგ საქმე სასამართლოში უნდა წავიდეს და ეს ყველაფერი 10 მაისამდე უნდა მოესწროს, რადგან ამ დროსაა ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა.

ექსპერტიზის დასკვას ამ კვირაში ველოდები და საქმეს სასამართლოს სავარაუდოდ 5 მაისს გავუგზავნი. ამ ეტაპზე გამოძიებას ყველა მტკიცებულება აქვს. მათ შორის, მოწმის ჩვენებები, ამოცნობის ოქმები და ა.შ. ნექტარ ბელქანია თავად დაზარალებულმაც ამოიცნო. რაც შეეხება დანაშაულის იარაღს, იგი არ არის ამოღებული, რადგან განადგურებულია, “ – განაცხადა ირაკლი გვასალიამ.

აღნიშნულ საქმეზე რეაგირება ადვოკატმა თანდილა ჯოლოგუამ სახალხო დამცველის აპარატს სთხოვა.

„ომბუდსმენის აპარატისგან მივიღეთ ისეთი პასუხი, რომელსაც არ მოველოდით,“ – განმარტავს ადვოკატი.

როგორც TSpress-ს სახალო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, განმცხადებელს განემარტა, რომ “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, სახალხო დამცველისათვის მონიჭებული უფლებამოვალეობიდან გამომდინარე, იგი განიხილავს განცხადებასა და საჩივარს სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვისას მხარისათვის მინიჭებული საპროცესო უფლებების დარღვევის შესახებ.

„შესაბამისად, სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებათა შეფასებისა და გაზიარების საკითხები. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი დააკმაყოფილოს თქვენი თხოვნა, ვინაიდან იგი აღემატება სახალხო დამცველისათვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას,“- აღნიშნეს სახალხო დაცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, თენგიზ გუნავამ TSpress-ს განუცხადა, გამოძიების პროცესში კომენტარის გაკეთება მისი მხრიდან არასწორი იქნება.

„ამ ეტაპზე ჩემგან ამ საქმეზე კომენტარი, მაშინ როცა ჯერ საქმის გამოძიება არ დასრულებულა, არასწორი იქნება,“ -აღნიშნა მან.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 12 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა, თენგიზ გუნავამ გაავრცელა ინფორმაცია ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის, დათო ქვარაია დაჭრის შესახებ. პოლიციამ დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნის შესახებ განაცხადა და მოქალაქე ნექტარ ბელქანია დააკავა.

კომენტარები