ფოთის პოლიციამ TSpress – ის ჟურნალისტის, იზა სალაყაიას პირადი მიმოწერის გასაჯაროვებისა და ფიზიკური შურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაასრულა. პოლიციამ ჟურნალისტი დაზარალებულად ცნო.

ვისი ბრალეულობა გამოიკვეთა და კონკრეტულად რომელ გარემოებაში, პოლიციის გამომძიებელი, ზვიად ელერენჯია არ განმარტავს. მისი თქმით, დაზარალებულზე დეტალების თქმა ეკრძალება და მას მხოლოდ ბრალდებულს წარუდგენს.

გამომძიებლის თქმით, საქმეს მსვლელობა პროკურატურამ უნდა მისცეს.

ჟურნალისტის პირადი მიმოწერა–შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე TSpress- მა ფოთის რაიონულ პროკურატურას 2012 წლის 27 ივლისს მიმართა.

საქმე ეხებოდა, მოქალაქე შორენა მირცხულავას მიერ ჟურნალისტ იზა სალაყაიასა და “ქართული ოცნების” ერთ– ერთი აქტივისტის, ზვიად შუბითიძის სოციალურ ქსელ facebook–ის პირადი პერსონალური მიმოწერის (chat) გამოქვეყნებას.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში შუბითიძე მირცხულავასთვის პერსონალური მიმოწერის მიცემის ფაქტს უარყოფს.

მირცხულავამ ჟურნალისტის პირადი მიმოწერა სტატიის , ქართული ოცნების” ფოთის ოფისისთვის ბესელიას კანდიდატურა მიუღებელია გამოქვეყნების მერე გაასაჯაროვა.

პროკურატურაში განცხადების შეტანის შემდეგ, შორენა მირცხულავა TSpress – ის ჟურნალისტს ქუჩაში დახვდა და ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტის დროს, მირცხულავა ორ თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი – მაია მაკალათია, ამჟამად, ფოთის მაჟორიტარის, ეკა ბესელიას ბიუროს თანამშრომელია. ავტომანქანას, საიდანაც ჟურნალისტზე თავდამსხმელი გადმოვიდა, სანომრე ნიშნებით: CBC-727, მაკალათიას ძმა მართავდა. ის ინციდენტისას მანქანიდან არ გადმოსულა და ძალადობის შეჩერება არ უცდია.

მირხულავას მიერ ჟურნალისტზე თავდასხმისას, იქვე მდგარი მაკალათიაც აგრესიულობით გამოირჩეოდა. მან ჟურნალისტს ტელეფონი გამოსტაცა, როცა ის პატრულში დარეკვას ცდილობდა და დარეკვის საშუალება არ მისცა.

ბოლო 3 წლის მანძილზე, TSpress – მა სამართალდამაცვ უწყებას ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის 9 ფაქტზე მიმართა. ძალოვან უწყებას რეაგირება არცერთ შემთხვევაში არ მოუხდენია.

კომენტარები