ომბუდსმენის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეკომენდაციით, 2013 წლის 28 თებერვალს მიმართა და ითხოვა გადაესინჯათ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე კ.-სთვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საკითხი.

“2009 წელს მარინა კ. – მ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიმართა და ალექსანდრე კ.-სთვის, რომელიც ამავე სააგენტოს მიერ გაცემული დაბადების მოწმობის თანახმად, იმ დროისთვის არასრულწლოვანი იყო (16 წლის), საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მარინა კ. საქართველოს მოქალაქე იყო, მის მეუღლეს, პეტრე კ.-ს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა ჰქონდა მინიჭებული.

აღნიშნული ნებართვა 2007 წელს ასევე მიენიჭა ალექსანდრე კ.-ს ძმას, ვლადიმერ კ.-ს, რომელიც ნებართვის გაცემის მომენტისთვის ასევე არასრულწლოვანი იყო. შესაბამისად, ალექსანდრე კ.-ს ოჯახი საქართველოში კანონიერ საფუძველზე ცხოვრობდა”- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2009 წლის 11 დეკემბრის დასკვნით, ალექსანდრე კ.-ს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–8 მუხლით გარანტირებული, ოჯახური ცხოვრების უფლება დაერღვა.

კომენტარები