ჟურნალისტ, გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე გახსნილია და დაკავებულია შს მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე – აღნიშნულზე განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული მასალა წინა ხელისუფლების პერიოდში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერაა გადაღებული, რომლის მიზანი ფარესიშვილის დაშანტაჟება და მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება იყო.

“ეს და სხვა კადრები მიკვლეული იქნა და დაილუქა დადგენილი წესით. თუმცა არ გვაქვს იმის გარანტია, რომ წინა ხელისუფლების ხელში არ არის მათი ასლები. ამ და სხვა უკანონო კადრების უსაფრთხოების უზურნველყოფა მინდობილი ჰქონდა სხვებთან ერთად ჩემს ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს. ჩემთვის არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ჩემმა პირველმა მოადგილემ, გელა ხვედელიძემ სამწუხაროდ ჩაიდინა არა მხოლოდ დანაშაული, არამედ შსს-ს თანაშრომლისთვის შეუფერებელი საქციელი. მან არაადეკვატურად და მტკივნეულად მიიღო მის მიმართ მედიით გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო ცილისმწამებლური განცხადებები და ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით ინტერნეტსივრცეში დამოუკიდებლად გაავრცელა. მისი ფიქრით, ამგვარი ხერხით, შეწყდებოდა მის მიმართ წარმოებული ეს ცილისმწამბელური კამპანია”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები