ეკა გარდაფხაძემ ნარკოდამოკიდებულების დაძლევის სიმძიმე საკუთარ თავზე გამოსცადა. ეკა ახლა ბენეფიციარებს თექის გაკვეთილებს უტარებს. იგი წარსულში თავად იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, მაგრამ მოახერხა დამოკიდებულების დაძლევა და ნარკოტიკებს დაუძინებელი ბრძოლა გამოუცხადა. ის ახლა ამ საბედისწერო სენის დამარცხებაში სხვებს ეხმარება. მან შარშან მომხმარებელ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია „აკესო“ დააფუძნა.

“საკუთარ თავში შემოქმედებითი შესაძლებლობების აღმოჩენა მომხმარებელი ქალის თვითშეფასებას მკვეთრად ამაღლებს, რაც პერსპექტივაში, მას ნარკოდამოკიდებულების დაძლევაში ეხმარება”, – აცხადებს „ალტერნატივა–ჯორჯიას“ მკვლევარის, ირმა კირთაძე.

ეკა გარდაფხაძე, მომხმარებელ ქალთა უფლებების დამცველი:

– აკესო ძველბერძნულ მითოლოგიაში განკურნების ქალღმერთია. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ეს სახელი. ახლა ორმოცდაათი წლის ვარ; მოხმარება კი სულ ახალგაზრდამ დავიწყე.

საკმაოდ ცნობილ და შეძლებულ ოჯახში გავიზარდე. ბაბუაჩემი საქართველოს წამყვანი არბიტრი იყო, მამა – ცნობილი მეღვინე. პროფესიით იურისტი ვარ; სკოლა სულ ხუთებზე დავამთავრე და ეგრევე გავთხოვდი – აბსოლუტურად გაუცნობიერებლად, ანუ მოტაცებით. მათემატიკის გაკვეთილიდან მოვდიოდი და უცებ ლაგოდეხში აღმოვჩნდი!

გათხოვების პროცესიც და წინა ისტორიებიც, ჩემთვის დიდი ტრავმა აღმოჩნდა. შვილი რომ გავაჩინე, თვითონ სულ ბავშვი ვიყავი. ქმარი, აზარტული თამაშების მოყვარული და შავ სამყაროსთან დაკავშირებულიც აღმოჩნდა. ერთხელ დაიჭირეს, ორჯერ… მოკლედ, ოჯახი დამენგრა. ახლობლები სულ მარწმუნებდნენ: რაც მოხდა, მოხდა, ახალგაზრდა ხარ, ცხოვრება წინ გაქვს, უნდა გათხოვდეო.

მეორე მეუღლე ნარკომანი აღმოჩნდა. კოდეინით დაიწყო, მერე ნემსზეც გადავიდა. სულ მთავაზობდა: დალიე ეს ტაბლეტი და ჩემსავით კარგ ხასიათზე იქნებიო. იმდენად მიამიტი ვიყავი, არც კი ვიცოდი ნარკოტიკი რა იყო. როდესაც ვინმეზე ამბობდნენ „წამალს“ იკეთებსო, მეგონა ავადმყოფობაზე და ჩვეულებრივ წამალზე იყო ლაპარაკი. მოკლედ, ნელ–ნელა ჩამითრია.

მხოლოდ სამი–ოთხი წლის შემდეგ მივხვდი რა უბედურებაში გავეხვიე: უკვე აღარ მინდოდა, ვჩხუბობდი, მაგრამ… მეორე ქმართან შვილი არ ვიყოლიე; მეშინოდა, რომ გონებრივად ჩამორჩენილი გამოვიდოდა.

მშობლებმა ვერაფერი შეამჩნიეს?

– ოჯახი ცამეტი წელი გაგებაშიც არ იყო. ისე ვლავირებდი, რომ არაფერი უგრძვნიათ. ასეთ დღეში როდესაც ვიყავი, მეგობრებსაც ვერიდებოდი; მაგრამ ნელ–ნელა მაინც ყველამ გაიგო. ბოლოს ვიღაცამ მშობლებს ენა მიუტანა – შვილი გეღუპებათო. ქმარს, ცხადია, დავშორდი. მერე ერთხელ დამიჭირეს, პირობითი მომცეს, მეორედ დამიჭირეს და ა.შ. არა და ისეთი კარგი გოგო ვიყავი! უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა. ჩემი მეგობრები კარგი და წარმატებული ხალხია – საზოგადოებაში ცნობადი სახეები. ძალიან განიცდიდნენ ჩემს მდგომარეობას, ყოფილ ქმარს ადანაშაულებდნენ. ისეთი ზიზღი გამიჩნდა ამ ადამიანის მიმართ, ქუჩაში რომ მხვდება, ცუდად ვხდები…

ნარკოტიკი საკმაოდ ძვირი ჯდება. ამ პრობლემას როგორ აგვარებდით?

– ჯერ საღამოს ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თან წიგნის ფაბრიკაში ვმუშაობდი. მერე საქართველოს მომარაგების კომიტეტში დავიწყე მუშაობა იურისტ–კონსულტად. ხელფასი 300 მანეთი მქონდა. ეს მაშინ კარგი ფული იყო. ჩვენი განყოფილება ამ სისტემაში საქართველოს მასშტაბით ყველა იურიდიულ სამსახურს აკონტროლებდა. ფული არ მიჭირდა. ბოლოს საშინელ დღეში ჩავვარდი. მეტისმეტად რომ ჩაეშვები, ნარკოტიკი სიამოვნებასაც აღარ განიჭებს. ისეთ დღეში გაგდებს, აღარაფერი გაინტერესებს, ოღონდ კი ცუდად არ იყო.

ყოფილა შემთხვევა, ადამიანი მომსალმებია და ვერც კი მიცვნია. ამასობაში მამა გარდაიცვალა… ჩემს გოგონასთან, რომელიც, ფაქტობრივად, დედამ გამიზარდა, სულ დაძაბული ურთიერთობა მქონდა (ახლა, საბედნიეროდ, უკვე ყველაფერი დავარეგულირეთ!). ვისაც ვიცნობდი ჩემი თაობის მომხმარებელს, თითქმის ყველა დაიღუპა. ვინც დარჩა, „უკანასკნელ მოჰიკანებს“ ვეძახი. ეს პერიოდი ბუნდოვანი, ამოჭრილი კინოკადრებივით მახსოვს. ორი წელია, რაც ციხიდან გამოვედი და მეგობრის რჩევით, ორგანიზაცია „ახალ ვექტორს“ მივაკითხე. აი, ასე მივაგენი „ზიანის შემცირების ქსელს“.

ნარკოტიკებმა ჯანმრთელობა საფუძვლიანად დამინგრია. სეფსისი დამემართა და ფეხის მოჭრას ძლივს გადავურჩი. ახლა პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ. გადაგდება რამდენჯერმე ვცადე. ხუთჯერ მაინც ვიწექი კლინიკაში. უკვე თითქმის შვიდი წელია ნარკოტიკს აღარ ვეკარები; სიტყვა „წამალიც“ კი მაღიზიანებს; ანალგინი რომ ანალგინია, იმასაც კი არ ვსვამ. მირჩევნია ღამე არ დავიძინო, მაგრამ საძილე წამალსაც არ დავლევ. ჩემი თანამგზავრი მხოლოდ „მწვანე აფთიაქია“.

საკუთარ თავში ხელოვანი როდის აღმოაჩინეთ?

– ხატვის ნიჭი ბავშვობიდან მქონდა; აკადემიაში ჩაბარებაზეც ვოცნებობდი, მაგრამ ჩემმა პირველმა ქმარმა დამიშალა: იქ ცუდი ყოფაქცევის ქალები სწავლობენო. ციხეში ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პატიმარი ქალებისათვის პროექტს ახორციელებდა და თექაზე მუშაობა ვისწავლე. თავი ამან გამატანინა. სულ ვხატავდი და ვხატავდი. გამოფენაც მოგვიწყეს…

აქ ქალებს ჩვენი სამყარო გვაქვს, გარშემო სიწყნარე და სიმშვიდეა. ის ნახევარი საათი, თექის გაკვეთილს რომ ვუტარებ, ვცდილობ მოსწავლეები სხვა სამყაროში ვამყოფო. თვითონაც ძალიან ჩართულები არიან: ფერებს თავის გემოზე რომ შეარჩევენ, მერე ერთი სული აქვს, სანამ მოვლენ და ნახავენ როგორ „დაჯდება“.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომხმარებელი ქალებს დავეხმარო. სწორედ ახლახანს უკრაინელებმა შემოგვთავაზეს ე.წ.„ქუჩის ადვოკაციის“ პროექტში მონაწილეობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით.

ხშირად მომხმარებელი ქმარი ცოლს „ნიანგით“ თვითონვე ამარაგებს, ოღონდაც ჩანაცვლებით თერაპიაში არ ჩაერთოს და ოჯახს „თავი არ მოეჭრას“. ძალადობა ცალკე საკითხია. ამ კუთხითაც ხომ არ გეგმავთ რაიმეს?

– აუცილებელია ამ სფეროში პრაქტიკულ შედეგზე გათვლილი პროექტების განხორციელება. შესაბამისი ტრენინგები უკვე გავიარეთ. ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული ოჯახის სიტუაცია. დავიწყოთ იქიდან, რომ მომხმარებელ ქალებს თავშესაფრებში არ უშვებენ (ეს წესდებაშიც უწერიათ). ამ დროს, ქალს, ხშირად, წასასვლელიც კი არსად აქვს, თან ბავშვიც ჰყავს.

იქნებ, სპეციალური თავშესაფრების გახსნა აჯობებს? მითუმეტეს, მომხმარებელი ქალები სპეციფიკური პრობლემების მქონე კატეგორიაა და თავისებური მიდგომა სჭირდებათ…

– რა თქმა უნდა, აუცილებელია აუცილებელი სერვისით აღჭურვილ ქალთა ცენტრების გახსნა. კარგად ვიცი, მეთადონის ცენტრში რა ხდება: ქალი იქ რომ შევა, მერე მასზე ორმოცდაათი კაცი ჭორაობს და აგინებს. ქალთა ცენტრში თბილი, ოჯახური გარემო უნდა იყოს შექმნილი და ისეთი ადამიანები მუშაობდნენ, ვისაც ეს ყველაფერი გავლილი აქვს.

მომხმარებელი ქალი ჩემთან უფრო ადვილად მოვა, ვიდრე იმასთან, ვისაც ასეთი გამოცდილება არ ჰქონია. ჩვენს პრობლემას თავადვე უნდა მივხედოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მოხმარების დეკრიმინალიზაციაა. ამის გარეშე არაფერი გამოვა.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ზიანის შემცირება – რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის გამომხატველად.

კომენტარები