საქართველოში ლგბტ აქტივობების აკრძალვის მოთხოვნით მოქალაქეების ნაწილი ხელმოწერებს აგროვებენ. საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოთხოვნაა, “კანონმდებლობით აიკრძალოს გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა საზოგადო ადგილებში, არასაკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტში”. მოქალაქეების ნაწილი კი, ხელისუფლებას მოძალადეთა დასჯის მოთხოვნით მიმართავენ

საზოგადოების ნაწილი აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, საქართველოს მთავრობას, ფონდებსა და საელჩოებს მიმართავენ.

ისინი ითხოვენ, აკრძალვა კონსტიტუციის დონეზე მოხდეს,

“2013 წლის 17 მაისს ეკლესიისა და ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეგრეთ წოდებულმა ლგბტ აქტივისტებმა მაინც მოახერხეს ქართველი ერისთვის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილზე პროპაგანდისტული და მოსახლეობის უმრავლესობისთვის შეურაცხმყოფელი აქციის გამართვის უფლების მოპოვება. მსგავსი აქციები აკრძალულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე. მაშინ, როცა ზოგიერთ ქვეყანაში კანონიერ და რელიგიურ ქორწინებაშიც კი იმყოფებიან ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები. საინტერესოა, თუკი დემოკრატიული სახელმწიფოს შენების მოტივით ხდება მსგავსი აქციების მხარდაჭერა, რატომ გამოდის ისე, რომ საბოლოოდ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრი უგულვებელყოფილი და შეურაცხყოფილი რჩება? განცხადების ხელმომწერნი მადლობას ვუხდით საქართველოს ეკლესიას, რომელმაც განმუხტა სიტუაცია და საზოგადოების აგრესიული ნაწილის გაკონტროლება შეძლო, რამაც ლგბტ აქტივისტებს სიცოცხლე შეუნარჩუნა. აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ქართული საზოგადოების გაფრთხილებას იმ პირების მიმართ, რომლებიც ცდილობენ საქართველოში მსგავსი პროპაგანდისტული აქციების კვლავ ჩატარებას.

მოვითხოვთ, საქართველოს კანონმდებლობით აიკრძალოს გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა საზოგადო ადგილებში, არასაკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტში. მოვითხოვთ, საქართველოს კონსტიტუცია დაწერილი იყოს ქართველი ხალხის ნებასთან შესაბამისობაში და არა როგორც უცხოელებისთვის საჩვენებელი ქაღალდი.

საქართველოს კონსტიტუცია დაწერილი იყოს ქართველი ხალხის ნებასთან შესაბამისობაში და არა როგორც უცხოელებისთვის საჩვენებელი ქაღალდი”- აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნულ განცხადების გავრცელებას არ ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორი, მისი ორგანიზატორი ქართველი და საქართველოს კეთილისმსურველი ხალხია.

ამ დროისთვის, 14: 25 სთ განცხადებას 230 ხელმომწერი ყავს.

მოქალაქეების ნაწილი კი ხელისუფლებას მოძალადეთა დასჯის მოთხოვნით მიმართავენ. აღნიშნულზე ხელმოწერების შეგროვება გუშინ დაიწყო. ისინი პრემიერ–მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და მოძალადეების დასჯასა და ქვეყნისთვის, თეოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საფრთხის არიდებას თხოვენ.

ამავე თემაზე:

მოქალაქეები ხელისუფლებას მოძალადეთა დასჯის მოთხოვნით მიმართავენ

კომენტარები