არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” განცხადებით, ლგბტ ადამიანების უსაფრთხოება საფრთხის წინაშე დგას. “იდენტობა” აქციის შემდგომ გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს და შსს 17 მაისსა და მის შემდგომ მომხდარი ძალადობის შემთხვევების მონაწილე პირების დასჯისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აქციის მოვლენების სამართლებრივი დარღვევების, კონკრეტული ფაქტების გამოუძიებლობა და დაუსჯელობა ხელს უწყობს ძალადობას.

“17 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ რამდენიმე განცხადებით შემოიფარგლა. არ მომხდარა სამართლებრივი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დაუსჯელობა კიდევ უფრო ახელებს ძალადობისკენ მომართული ადამიანების თვითნებობას და კანონსაწინააღმდეგო ქცევას.

ლგბტ ადამიანების უსაფრთხოება თბილისის ქუჩებში თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დღემდე საფრთხის წინაშე დგას.

ორშაბათს, 12 საათისთვის “იდენტობასთვის” ცნობილი გახდა შემდეგი ძალადობის შემთხვევების შესახებ (სტატია მუდმივად განახლდება და დაემატება ფაქტები)

1. ა.-ს (კაცი) “შხარასთან” საღამოს 17-ში დახვდნენ ბიჭები, მან თავი მოაჩვენა, რომ უცხოელი იყო. თუმცა ვერ შეძლო მოძალადეთა შეჩერება. ის ადგილზე ჯგუფურად სცემეს. ამის შემდეგ ა.-ს 18 მაისს ბუკიას ბაღში დაუხვდნენ და ჰომოფობიური შეურაცხყოფების ფონზე თმებზე ცეცხლი წაუკიდეს.19 მაისს, ა.-ს კუს ტბაზე დახვდა ახალგზრდათა ჯგუფი და ის კიდევ ერთხელ გხდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

2. “იდენტობას” თანამშრომელ ქალს მაკდონალდსთან ეჯახებოდა ჯიპი. მან შეძლო დარტყმის თავიდან აცილება. თუმცა მძღოლმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე და საცემრად გამოიწია. მდგომარეობა ახლოს მდგომმა ტაქსისტებმა განმუხტეს.

3. 17 მაისს დ.-ს და თ.-ს (გოგოებს) ქაშვეთის წინ 3 საათზე გაეკიდა ადამიანთა დიდი ჯგუფი. ისინი დაიჭირეს და სასტიკად სცემეს.

4. ბ.ს- მოძალადეთა ჯგუფს “პოპულში” შეასწრო იდენტობას ორმა წევრმა (ქალი და კაცი). მხოლოდ ომბუცმენის და ელჩების მისვლის შემდეგ შეძლო პოლიციამ დაზარალებულთა გამოყვანა.

5. 18-ში 6 საათისთვის ნ.-ს (ქალი) მგზავრობდა სამარშუტო ტაქსით, მარჯანიშვილის მეტროსთან ახალგაზრდათა ჯგუფი მას მარშუტკიდან ჩამოყვა, ქურდულად გაურჩია საქმე. ერთ-ერთმა ორჯერ მოუქნია ხელი დასარტყმელად. ნ.-მ პატრული გააჩერა. საპატრულო პოლიციამ ნ. შემთხვევის ადგილს გაცილა, თუმცა დამნაშავეების დაკავებას არ შეეცადა.

6. 18 მაისს დაახლოებით დღის 2 საათზე, დ.-ს და ჰ.-ს (ქალები) დაედევნა რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი სიტყვებით “შეხედე ბიჭო მკერდი არ აქვს, პიდარასტი იქნება”. ისინი ფიზიკურად შეურაცხყვეს და დაკბინეს. დ.- ყვიროდა “გოგო ვარ, თავი დამანებეთო” მაგრამ მაინც სცემდნენ. დ. საერთოდ არ მოდიოდა აქციაზე. ის რუსთაველის მეტროდან ამოვიდა და ფილარმონიის მისამართით აპირებდა გადაადგილებას მეგობართან ერთად. არცერთი გოგონა იდენტობას აქტივისტი არ არის.

7. ლესბოსელ გოგონას სკოლის დირექტორი სკოლიდან გარიცხვით ემუქრება და კლასის წინაშე ლანძღავს.

8. ზოგადად, თანამშრომლებს უჯანყდებიან მეზობლები, ოჯახებში მიდიან და მორალს უკითხავენ. იქცევიან აგრესიულად”- აღნიშნულია “იდენტობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები