ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები, 52 წლის სოციალურად დაუცველი მანანა კუკავა გამგეობიდან დახმარებას ითხოვს.

როგორც TSpress-ს მანანა კუკავამ განუცხადა, გამგეობას საცხოვრებელი პირობების გამოსასწორებლად განცხადებითაც მიმართა, თუმცა 5-სულიან სოციალურად დაუცველ ოჯახს ამ დრომდე არავინ დახმარებია. მანანა კუკავას თქმით, ოჯახის შემოსავლი თვეში 226 ლარია.

„გაუსაძლის პირობებში ვხცოვრობ. მყავს ლოგინსმიჯაჭვული, უუნარო და მეტყველებადაკარგული მეუღლე, ორი შვილი და უდედმამო შვილიშვილი. ძლიერი ქარმა სახლს სახურავი ახადა. ყოველი წვიმისას სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ. სასმელი წყალიც კი არ გვაქვს, ხან რომელი მეზობლისგან მომაქვს, ხან რომელი.

გასარეცხად, ნათხოვ ბაკში დაგროვილ წვიმის წყალს ვიყენებ. საჭმელი ზუგდიდიდან, უმწეოთა სასადილოდან მიმაქვს და იმით გაგვაქვს თავი. არანაირი სახსრები აღარ გამაჩნია უკვე. ჩემს მეუღლესთან სასწრაფო კვირაში ორჯერ მაინც მოდის. ახლაც ნაწოლი გაუჩნდა და წამლის ფული არ მაქვს.

ჩემი 8 წლის შვილიშვილი გაუსაძლის პირობებშია, როგორ ჩავაბარო უსახსრობის გამო უდედმამო ბავშვთა სახლს?!“- განუცხადა TSpress-ს მანანა კუკავამ.

საკრებულოში სოფელი ახალსოფლის მაჟორიტარ პაატა ღებულაძის განცხადებით, საკრებულო მანანა კუკავას, ერთჯერადად, რამდენჯერმე დაეხმარა.

„რაც შეგვიძლია უარი არასდროს გვითქვამს მისთვის. მისი სახურავის ნაწილი დაზიანებულია. როგორც გვექნება საშუალება დავეხმარებით, უარს რატომ ვეტყვით,“ – აღნიშნა პაატა ღებულაძემ TSpress-თან საუბრისას.

ახალსოფლის რწმუნებულ ვლადიმერ ქვარცხავას თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის რწმუნებულს ბიუჯეტი არ გააჩნია, მან მანანა კუკავას დახმარების შუამდგომლობით გამგეობას 18 მარტს განცხადებით მიმართა.

როგორც TSpress ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ღურწკაიამ განუცხადა, მანანა კუკავას განაცხადს უყურადღებოდ არ დატოვებენ.

„განვიხილავთ არის თუ არა ეს ადამიანი სტიქიის შედეგად დაზარალებული. თუ ზოგადად, სახურავი აქვს გამოსაცვლელი ჩვენ კერძო სახლებზე სახურავებს არ ვცვლით, მაგრამ მაინც გავითვალისწინებთ ამ ადამიანის განაცხადს.

ადგილობრივ ბიუჯეტში ჩვენ საშუალება არ გვაქვს და შუამდგომლობით მივმართავთ ცენტრალურ ბიუჯეტს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „დანიის დევნილთა საბჭოს“, რომელსაც აქვს რემონტების, ჭებისა და სახურავების გაკეთების გამოცდილება. ვნახოთ რომელი გამოვა,“ – განაცხადა მაია ღურწკაიამ.

კომენტარები