გეგუთის ციხეში ნაცემი ფოთელი პატიმრის, 24 წლის ლევან კორტავას ოჯახის ინფორმაციით, პატიმარი რამდენიმე დღეა ქუთაისში, დიაგნოსტიკურ ცენტრში უგონო მდგომარეობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მისი ამჟამიდელი მდგომარეობის შესახებ ოჯახი ინფორმირებული არაა და არც მომხდარის შესახებ ფლობს ზუსტ ინფორმაციას. ერთადერთი რაც ოჯახმა იცის, მინისტრის ვერსიაა, რომლის თანახმადაც პატიმრებს შორის მომხდარი ინციდენტისას, კორტავა კიბეზე დაგორდა.

“სანამ ცოცხალია და სუნთქავს მანახონ. არაფერს გვეუბნებიან, გარდა იმისა, რომ მძიმე მდგომარეობაშია. სრულიად უდანაშაულო ობოლი 18 წლის ბიჭი(დედა გარდაცვლილი ყავს-ავტ) ჩასვეს ციხეში და ახლა სიკვდილის პირასაა და პასუხისმგებლობას არავინ იღებს,”- აცხადებს TSpress – თან საუბარში პატიმრის მამიდა, ხათუნა კორტავა.

პატიმრის ოჯახმა არ იცის რა მოხდა სინამდვილეში. ისინი შესაბამის უწყებებს ინციდენტის გამოძიებას და ციხის თანამშრომლების პასუხისმგებლობას ითხოვენ.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირაკლი კორძაია TSpress-თან საუბრისას აცხადებს, რომ პატიმარი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა და დანარჩენი ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა. “დანარჩენს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით”- აცხადებს ის.

შეგახსენებთ, რომ პატიმარი 14 მაისს დაშავდა. მის ცემაზე განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ინციდენტიდან მეორე დღესვე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პატიმრებს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც აღნიშნული მსჯავრდებული კიბიდან დაგორდა.

სუბარის ინფორმაციით, ფაქტს უკვე იძიებს შესაბამისი სამსახური. დამატებითი დეტალები მომხდართან დაკავშირებით მინისტრმა არ გაასაჯაროვა. მისივე თქმით, ის ინფორმირებულია პატიმრის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სპეციალური კომისია მის ვადამდე ადრე გათავისუფლებაზეც იმსჯელებს.

“არავინ იცის პატიმრებმა სცემეს თუ სხვა ვინმემ. თუ ეგრეა, რითი დასტურდება? რომელი პატიმარი დაისაჯა? ასეც, რომ ყოფილიყო, რას აკეთებდა ციხის ზედამხედველი და სხვა პირები, რატომ ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხოება. სად იყვენ იქამდე, ვიდრე სასიკვდილო გახდა? არის თუ არა ეს მათი მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობა ან სხვა რაიმე სახის დანაშაული? “- კითხულობს პატიმრის მამიდა.

18 წლის ლევან კორტავა, ფოთის პოლიციამ 2007 წელს, შობის ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში, პოლიციელებთან შელაპარაკებისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავა, რისთვისაც სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2008 წელს, ხონის ციხეში პატიმრების გაქცევის ორგანიზატორობის გამო, ბრალი დაუმძიმდა. ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულს თანამშრომლობა და ბრალის აღიარება მოთხოვა. პატიმარმა ბრალი არ აღიარა, თუმცა მას 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები