ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები მანანა კუკავა გასაჭირის შესახებ TSpress-ში გამოქვეყნებულ მასალას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ოპერატიულად გამოეხმაურა და პრობლემის შესასწავლად ოჯახში სოცმუშაკი მიავლინა. მანანა კუკავას განცხადებით, სოცმუშაკმა აღწერა მათი მდგომარეობა და დახმარებას დაპირდა.

როგორც TSpress-თან საუბრისას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის უფროსმა სოციალურმა მუშაკმა, ლიკა ჟვანიამ განაცხადა, მისი სამსახურის წარმომადგენლებმა ოჯახის მდგომარეობის შესწავლა დაიწყეს და 20-25 დღეში მანანა კუკავას ოჯახის შესახებ დასკვნას დადებენ, რის შემდეგაც ამ მათი დახმარების ფორმა შემუშავდება

„როგორც სოცმუშაკმა გაარკვია ამ ოჯახის უმთავრესი პრობლემა არის უკიდურესი სიღარიბე. სოცმუშაკი სკოლაშიც იმყოფებოდა და მანანა კუკავას 8 წლის შვილიშვილიც და ბიოლოგიური შვილიც სკოლის წარჩინებული მოსწავლეები არიან. ბავშვი ძალიან აქტიურია. ჩვენ შევიმუშავებთ გეგმას, რათა ამ ოჯახს სიღარიბის დაძლევაში დავეხმაროთ და შევძლოთ მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამოსწორება. კონკრეტულად რას და როდის გავაკეთებთ ეს მას შემდეგ გვეცოდინება, რაც სოცმუშაკი ამ ოჯახის შესახებ დასკვნას მოამზადებს,“ – აღნიშნა ლიკა ჟვანიამ.

5 სულიან სოციალურად დაუცველი ოჯახი დღეს TSpress-მაც მოინახულა. ოჯახი უკიდურეს პირობებში ცხოვრობს. მანანა კუკავას სადილი ყოველდღე ზუგდიდის უმწეოთა სასადილოდან მოაქვს, სადაც როგორც თვითონ ამბობს, ოჯახიდან მხოლოდ სამი ადამიანის ჩაწერის უფლება აქვს, მომავალი წლიდან კი, როგორც უთხრეს, სასადილოთი ოჯახიდან მხოლოდ ერთმა უნდა ისარგებლოს.

შემოსავალი, რომელიც ოჯახს აქვს, ძირითადად მანანა კუკავას მეუღლის მკურნალობას ხმარდება. მას უუნარო და მეტყველებადაკარგული მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები, ასევე 8 წლის შვილიშვილი ჰყავს, რომელსაც დედ-მამის დაშორების შემდეგ, თავად ზრდის. მანანა კუკავას განცხადებით, მას უდედმამოდ დარჩენილი შვილიშვილის რჩენა ძალიან უჭირს.

მანანა კუკავას ორსართულიანი სახლიდან მხოლოდ პირველი სართულია საცხოვრებლად გამოსადეგი. სახლის ამ სართულზე სამი ოთახია განლაგებული, რომელთაგან არცერთი არაა საცხოვრებლად მოწესრიგებული.

ოჯახი ტანსაცმლის გასარეცხად წვიმის წყალს იყენებს, რომელსაც სახლის უკანა ეზოში დადგმულ აბაზანებსა და ნათხოვარ ბაკში აგროვებს. სასმელი წყალი კი მეზობლებისგან მოაქვს.

სახლის სახურავი დაზიანებულია და წვიმისას ისედაც დაზიანებულ საცხოვრებელს, კიდევ უფრო აზიანებს.

წყალი ჩამოდის სახლის იმ ნაწილშიც, სადაც მანანა კუკავას უუნარო მეუღლე წევს. წვიმისას მასა და მის შვილებს საწოლის გადაადგილებაც კი უწევთ, რათა პარალიზებული მეუღლე წვიმისას ჩამოსულმა წყალმა არ შეაწუხოს. ოჯახის მთლიანი შემოსავალი 226 ლარია.

კომენტარები